ავსტრია 20-დღიან “ლოქდაუნს” აწესებს

ავსტრია 22 ნოემბრიდან მე-4 საყოველთაო “ლოქდაუნს” აცხადებს, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია კრიტიკულია და საავადმყოფოები ინფიცირებულებით გადატვირთულია. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა ავსტრიის რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას NDTV ავრცელებს.

მან ახალი შეზღუდვების დაწესებაზე პასუხისმგებლობა კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს დააკისრა.

“სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ყველასთვის დავაწესოთ შეზღუდვები, დავიცვათ ყველა ჩვენგანი და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. ორშაბათიდან, 20 დღის განმავლობაში საერთო ეროვნული “ლოქდაუნი” იმოქმედებს, რომელიც 10 დღის შემდეგ გადაიხედება და 13 დეკემბერს ავტომატურად დასრულდება”, – განაცხადა შალენბერდმა.

გარდა ამისა, ქვეყანა 2022 წლის თებერვლიდან COVID-19-ის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვისთვის მზადებას იწყებს.

კომენტარები
იტვირთება...