ავსტრალიის ღია პირველობის ჩოგბურთის ტურნირზე რუსეთისა და ბელარუსის დროშები აიკრძალა.

თავდაპირველად მაყურებლებს ჰქონდათ უფლება ტურნირზე დროშები მიეტანათ, იმ პირობით, რომ ისინი რაიმე სახის შეფერხებას არ გამოიწვევდნენ. თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც გულშემატკივრებმა რუსეთის დროშა უკრაინელი კატერინა ბაინდლისა და რუს კამილა რახიმოვას შორის მატჩის დროს გამოაჩინეს.

უკრაინელი გულშემატკივრების თქმით, მატჩის დროს რუსი გულშემატკივრები კატერინა ბაინდლს დასცინოდნენ, რის შემდეგაც მათ ადგილზე პოლიცია და დაცვა გამოიძახეს.

"ეს ძალიან სახიფათოა, ომი გრძელდება. ბიჭები ძალიან ახლოს იყვნენ მოთამაშეებთან, ვგრძნობდი დაშინების ელემენტებს", - უთხრა ერთ-ერთმა უკრაინელმა გულშემატკივარმა ადგილობრივ გამოცემას.

ამავე მედიასთან რუსმა გულშემატკივრებმაც ისაუბრეს. ერთ-ერთი კაცის თქმით, ისინი თავის ქვეყნის წარმომადგენლებს ამხნევებდნენ.

"ხალხს შეუძლია ეს შეურაცხყოფად მიიჩნიოს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ თქვენი ჩვეულებრივი მხარდამჭერები ვიყავით. არ ყოფილა დაცინვა ან უპატივცემულობა", - თქვა მან.