ავსტრალიასა და მალაიზიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა

მალაიზიაში პნევმონიის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც აქამდე უცნობი ტიპის კორონავირუსი იწვევს. ერთი შემთხვევა გამოვლინდა ასევე ავსტრალიაში,-ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

მალაიზიის ჯანდაცვის მინისტრის, ჯულკეფლი აჰმედის თქმით, ისინი ჩინეთის მოქალაქეები არიან და ქვეყანაში ქალაქ უხანიდან ჩავიდნენ.

ერთ-ერთი ავადმყოფი 66 წლის მამაკაცია, რომლის მეუღლეც სინგაპურში დაინფიცირდა. დანარჩენი ორი ამ წყვილის შვილიშვილები არიან. ერთ-ერთი მათგანი 11 წლისაა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები პაციენტების მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

ავსტრალიაში ინფიცირების პირველი შემთხვევა ვიქტორიის შტატში დაფიქსირდა. როგორც SBS News-ი იუწყება, სახელმწიფო ჯანდაცვის მინისტრმა ჯენი მიკაკოსმა აღნიშნა, რომ ეს დაავადება ჩინეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც მელბურნში 19 იანვარს ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქ უხანში 2 კვირა იმყოფებოდა.

მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, არ ინერვიულონ, რადგან საფრთხე ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

მთავარი სანიტარული ექიმის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორია ენჯი ბოუნი დასძენს, რომ ადამიანი, რომელსაც  პნევმონია აღმოაჩნდა, სტაბილურ მდგომარეობაშია და მას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა არ სჭირდება.

მანამდე, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დადასტურდა. ეს რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც “უხანის” პნევმონია ქვეყანაში ორ პაციენტს პირველად ოფიციალურად დაუდასტურდა. დაავადება პარიზსა და ბორდოში გამოვლინდა.

ჩინეთში, ადგილობრივი დროით შუაღამისას, ახალი ტიპის კოროვირუსით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტთა რიცხვმა 1287 ადამიანს მიაღწია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად