ავიაკომპანია Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ:

“Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.

Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

Wizz Air მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ავიაკომპანია ფრენების აღსადგენად სახელმწიფოს დასტურს ელოდება.

“მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად