ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი პატრულირება განახორციელეს

ამჯერად, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ქვეითი პატრული ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთი სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს. 

„ჩარლი“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოებისა და უხილავი სივრცის (რელიეფის თავისუბერების ან დაბრკოლების გამო რადიოლოკაციური ან ვიზუალური დაკვირვებისთვის მიუწვდომელი არე) შემოწმება იყო. პატრულირების დროს უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, ქართველი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალებიც იყვნენ ჩართული.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...