ავღანეთის პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა

ავღანეთის მთავრობის 59 წლის ხელმძღვანელმა, აბდულამ აბდულამ, ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი შტაბის მონაცემების თანახმად, ის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს. პრემიერმინისტრის განცხადებას ტელეარხი “ალ ჯაზირა” ციტირებს. პრემიერმინისტრის მთავარი მეტოქე მოქმედი პრეზიდენტი მუჰამად აშრაფ ღანი იყო.

”ყველაზე მეტი ხმა გვაქვს… შედეგებს დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია გამოაცხადებს, მაგრამ ჩვენ ხმათა უმრავლესობა გვაქვს. მეორე ტური არ იქნება”,- აცხადებს აბდულა.

პრემიერის თქმით, მისი გუნდი ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

“არცერთ კანდიდატს არ აქვს უფლება, საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს”,- განაცხადა საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

პირველი ტურის მოსაგებად საჭიროა, არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა ხმების 50% -ზე მეტი დააგროვოს. საარჩევნო კომისია წინასწარი შედეგების გამოცხადებას 19 ოქტომბერს გეგმავს, ხოლო საბოლოო შედეგები 7 ნოემბრამდე გასაჯაროვდება.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერცერთი კანდიდატი ხმათა ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს, მეორე ტური, სავარაუდოდ, 23 ნოემბერს გაიმართება. საერთო ჯამში, არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობდა, ხმის მიცემა ქვეყნის 9,6 მილიონ მოქალაქეს შეეძლო, რომლებიც წინასწარ დარეგისტრირდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად