ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში ევროპული სტანდარტის შემოღება იგეგმება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება (პირველი მოსმენით), რომელიც ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში ევროპული სტანდარტის შემოღებას ითვალისწინებს.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის მიღების მიზანია ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 306-ე და 312-ე მუხლები, რომელთა თანახმად, საქართველო ვალდებულია, მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ასოცირების შეთანხმების XXVI და XXVII დანართებში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან. კერძოდ, ,,ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ“ 2008 წლის 21 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/107/EC დირექტივის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით, დაადგინოს ზონები და აგლომერაციები, მოახდინოს მათი კლასიფიცირება და შესაბამის დაბინძურებულ ნივთიერებებთან მიმართებით, ატმოსფერული ხარისხის მართვის მიზნით, შემოიღოს და გაატაროს სათანადო ზომები, დაამკვიდროს ჰაერის დაბინძურების სტაციონალური ობიექტების ანგარიშგების ელექტრონული სისტემა.

“კანონის პროექტის მიზანია, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში ევროპული სტანდარტის შემოღება, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ზონებსა და აგლომერაციებში შეფასების რეჟიმის დადგენა მოდელირებისა და სხვა ემპირიული მეთოდების გამოყენებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სისტემის ჩამოყალიბება.

მნიშვნელოვანია, მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება ადგილობრივ დონეზე შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით ყველა იმ ზონასა და აგლომერაციაში, სადაც დადგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ზღვრული ოდენობის გადაჭარბება ძირითადი მავნე ნივთიერებების მიმართებით. დღეს მოქმედი კანონი არ გამოყოფს საშიში ნივთიერებების ჩამონათვალს. კანონის პროექტით შემოდის ტერმინი ,,ძირითადი მავნე ნივთიერებები“, რომელთა ჩამონათვალიც სრულად მოიცავს ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებულ დამაბინძურებელ ნივთიერებებს. ქვეყნის მთელი ტერიტორია დაიყოფა ზონებად და აგლომერაციებად, რომელიც დამტკიცდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამართლებრივი აქტით და კლასიფიცირება მოხდება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეფასების ზედა და ქვედა ზღვრების მიხედვით 5 წელიწადში ერთხელ მაინც”- ნათქვამია კანონპროექტის განმარატებით ბარათში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად