ატმის მოსავლიანობასთან დაკავშირებით, გურჯაანში, 20 სამაცივრე მეურნეობა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს

გურჯაანში ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. განსაკუთრებული უხვმოსავლიანობის მიუხედავად ხილის აღების და რეალიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პროდუქციის ფასი გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მაღალია. ფასთან ერთად გაზრდილია ხილზე მოთხოვნაც. 6 ივლისის მონაცემებით დაახლოებით 7200 ტონა ატამი და ვაშლატამაა მოკრეფილი, საიდანაც 1300 ტონაზე მეტია ექსპორტირებული.

„გურჯაანში ატმის მოსავლის აღება წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვაკეთებთ ყველაფერს რათა ფერმერებს ხელი შევუწყოთ მოსავლის რეალიზაციის პროცესში. წელს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექით. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად, მოსავალი ექსპორტზე შეუფერხებლად გადის და ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ, მათ შორის არც შიდა ბაზარზე. მაღალი მოსავლიანობის მიუხედავად ხილზე დეფიციტია შექმნილი, რაც განაპირობა სწრაფმა რეალიზაციამ და სამაცივრე მეურნეობების მზარდმა გაჩენამ ადგილზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ წელს ატმის მოსავლის დაბინავება, გასულ წარმატებულ წელზე კიდევ უფრო წარმატებულად ჩაივლის“ – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

ატმის რეალიზაცია სოფელ ჩუმლაყში სპეციალურად მოწყობილ ხილის საბითუმო ბაზარზე მიმდინარეობს. ხილის ბაზარი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სექტორის რეგულაციების შესაბამისად მუშაობს. ბაზარში შესვლამდე ავტომობილები სპეციალური ხსნარით მუშავდება, ფერმერები და მომხმარებლები კი თერმოსკრინინგს გადიან.

„ახალი კორონავირუსის პანდემიური პირობებიდან გამომდინარე, სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე მოეწყო ატმის სარეალიზაციო ბაზარი, სადაც საექსპორტო მანქანები შეუფერხებლად და უსაფრთხოების წესის დაცვით გადაადგილდებიან. გასულ წელთან შედარებით, წელს სამაცივრე მეურნეობების მუშაობა ორჯერ არის გაზრდილი და ადგილზე, უკვე 20 სამაცივრე მეურნეობა მუშაობს და სახელმწიფოც მაქსიმალურს აკეთებს იმისათვის, რომ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ. ამასთან, ქალაქ გურჯაანში არსებული საორგანიზაციო შტაბი ატმის მოსავლის დაბინავების მიმართულებით მუშაობს ოპერატიულად, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ფერმერებისა და ექსპორტიორების კოორდინაციას”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წელს გურჯაანში ატმის და ვაშლატამის წარმოების პროცესში 20 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული, რამაც ხილზე მოთხოვნა გაზარდა და შესაბამისად, ფერმერებს მოსავლის რეალიზაცია უფრო გაუმარტივა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2019 წელს, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მაჩვენებელი 13 256 ტონას შეადგენდა. დაბინავების პროცესის უზრუნველყოფაში ჩართული იყო 9 სამაცივრე მეურნეობა. გასულ წელს, საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი
განხორციელდა რუსეთში – 10 777 ტონა, სომხეთში – 1 373 ტონა, აზერბაიჯანში – 667 ტონა, უკრაინაში – 150 ტონა, ყაზახეთში – 114 ტონა, სლოვენიაში – 78 ტონა, ერაყში – 39 ტონა, ირანში – 20 ტონა, ბელორუსში – 18 ტონა, მოლდოვაში – 19 ტონა, ყატარში – 0,4 ტონა.

ატმის და ვაშლატამას წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 35 000 ტონაა.

ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად