ატლანტაში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს ქალაქ ატლანტას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ჯორჯია), რის შედეგადაც დაიღუპა ორი, ხოლო დაშავდა ხუთი ადამიანი. ამის შესახებ Fox News იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა მოხდა შაბათ ღამით. იმ დროს ქალაქში მიმდინარეობდა დემონსტრაციები, სადაც პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას აპროტესტებენ, ასევე აფროამერიკელების უფლებების დაცვას მოითხოვენ.

Fox News-ის ცნობით, სროლა მანქანიდან მოხდა. ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში ხუთი ადამიანი იმყოფება. პოლიცია ეძებს პირებს, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს.

14 ივნისს სამსახურიდან დაითხოვეს ატლანტის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, რომელმაც 12 ივნისს ჩატარებული რეიდის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 27 წლის აფრიკელი ამერიკელი რეიშარდ ბრუკსი.

ამ ინციდენტის შემდეგ შაბათ-კვირის ღამით ატლანტაში იფეთქა მასობრივმა პროტესტმა. აქციის მონაწილეებმა ცეცხლს მისცეს რესტორანი Wendyʼs-ი, რომლის მახლობლადაც პოლიციელმა სასიკვდილოდ დაჭრა ბრუქსი. მოხდა შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომლის დროსაც დააკავეს რამდენიმე ათეული კაცი.

დაძაბული ვითარების გამო თანამდებობიდან გადადგა ქალაქ ატლანტის პოლიციის უფროსი ერიკა შილდსი.

ატლანტის მერმა კეიშია ლენს ბოტომსმა განაცხადა, რომ პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გამართლებული არ იყო.

რეიშარდ ბრუკსის წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ბრუკსმა წინააღმდეგობა გაუწია მის დასაკავებლად გამოძახებულ პოლიციის რაზმის წევრებს. პოლიციაში შესული შეტყობინებით, ბრუკსს აკრძალულ ადგილზე ეყენა მანქანა და აფერხებდა Wendyʼs რესტორანთან სხვების მიახლოებას. იუწყებიან, რომ ბრუკსმა ხელიდან გამოსტაცა ე.წ. ელექტროშოკერი ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც მის დაკავებას და მანქანაში ჩასმას ცდილობდა.

მიღებული ჭრილობების შედეგად რეიშარდ ბრუკსი საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეზე კი დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, თუ რამდენად კანონიერად მოხდა პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად