ათონის ივერონის მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვეს

2019 წლის 13 ივნისს, ღამით, ათონის ივერონის ძველ მონასტერში უცნობმა პირებმა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მინა გატეხეს (საუბარია “პორტაიტის”, იგივე “კარის ღვთისმშობლის” ხატზე) და ყველა ძვირფასეულობა მოიპარეს, რომლითაც ხატი მორთული იყო. ​ამის შესახებ ინფორმაციას „აფონიტის“ პორტალის კორესპონდენტი Romfea -ს ვებ-გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

დანაშაული რამდენიმე წუთში, პარაკლისზე კანდელების ასანთებად მოსულმა მონაზონმა აღმოაჩინა და დაუყოვნებლივ შეატყობინა წინამძღოლ არქიმანდრიტ ნაფანაილს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ, სანაპირო დაცვამ და ათონის ადმინისტრაციამ ერთობლივი, ოპერატიული მოქმედებები განახორციელა დამნაშავეთა გამოსავლენად და მოპარული ნივთების დასაბრუნებლად.

ამ დროისთვის, ხუთი ეჭვმიტანილიდან სამი დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით, ისინი რუმინეთიდან არიან.

ყველა ძვირფასეულობა დაბრუნებულია. დამნაშავეებმა, როდესაც დაკავების საფრთხე იგრძნეს, ნაძარცვი ძვირფასეულობა მთის ხევში გადაყარეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემია მართლმადიდებელ სამყაროში. თქმულების თანახმად, ევანგელისტ ლუკას მიერ იყო დაწერილი, დიდი ხანი მცირე აზიის ნიკეაში ინახებოდა, ხოლო XI საუკუნის დასაწყისიდან უწყვეტად იმყოფება ათონის წმინდა მთის ივერიის მონასტერში (საიდანაც გამომდინარეობს თავისი დასახელება).

არსებობს არაერთი ისტორიული გადმოცემა ივერიის ღვთისმშობლის ხატის მიერ სასწაულებრივ აღსრულებაზე. შემონახულია ისტორიული ფაქტები ბრმა, კოჭლი და ბოროტით შეპყრობილი სნეულების განკურნებაზე. სასწაულებრივ ხატზე ლოცვით, ივერიის მონასტრის ძმებმა არაერთხელ მიიღეს სასწაულებრივი დახმარება ფქვილის, ღვინისა და ნავთობის ნაკლებობის დროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად