ათენში არსებულ უკრაინის საელჩოს უცნობმა პირებმა “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს

20 იანვრის ღამეს უცნობმა პირებმა „მოლოტოვის კოქტეილების“ მეშვეობით ათენში არსებული უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი თავის ოფიციალური ტვიტერით ავრცელებს.

კლიმკინი აღნიშნავს, რომ თავდასხმის უკან რადიკალები დგანან, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ არიან. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. კლიმკინის თქმით, უკრაინული მხარე ათენის ხელისუფლებას საელჩოსთვის 24-საათიანი დაცვის გამოყოფაზე შეუთანხმდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის მარიანა ბეცას განცხადებით, ინციდენტის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მისი თქმით, უცნობმა პირებმა საელჩოს თანამშრომლების კუთვნილი ავტომობილები დაწვეს და შენობას "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს. ინციდენტის გამოძიებაში საბერძნეთის პოლიციაც არის ჩართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...