აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მეცხრე მუხლის თანახმად, დეპუტატს მხოლოდ მაშინ აქვს მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება, როცა ახორციელებს სადეპუტატო საქმიანობას

აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციის წევრები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ არ მიეცათ. ისინი აპელირებდნენ იმით, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან და ჰქონდათ მთავრობის სახლში შესვლის უფლება.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ლადო მგალობლიშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს შესვლის უფლება მაშინ, როდესაც ის ახორციელებს სადეპუტატო საქმიანობას, ან კონტროლს.

„უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მეცხრე მუხლის თანახმად, უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს შესვლის უფლება მაშინ, როდესაც ის ახორციელებს სადეპუტატო საქმიანობას, თუ ახორციელებს კონტროლს. შესაბამისად, თემატიკა უნდა იყოს აჭარის უფლებამოსილებებთან ბმაში. ამ შემთხვევაში, მათი იქ შესვლის მიზანი არის დებოშის მოწყობა, რაც ეწინააღმდეგება რეგლამენტს. ეს არის დაცული ობიექტი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ობიექტს, რომელსაც იცავს სამთავრობო დაცვა, ვერავინ დაუბრკოლებლად და საშვის რეჟიმის გარეშე ნამდვილად ვერ შედის.

ეს არის ხალხი, რომლებმაც პანაშვიდი ზეიმად გამოაცხადეს. დიდი ხანია გვამებზე ოცნებობდნენ და ახლა გონიათ აქვთ შანსი მოაწყონ რევოლუცია. ძალიან ბინძურად იყენებენ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ამბავს. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ყველაფერს პასუხი გაეცემა და მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. დღეს უკვე საზოგადოებამ მისცა მათ შეფასება და ხედავთ, რომ რუსთაველზე ძალიან ცოტა ხალხია შეკრებილი“ – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...