აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს მორიგ საკანონმდებლო ინიციატივებს წარუდგენს. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა მორიგ პლენარულ სხდომაზე მიიღეს: ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების და შესაბამისი დადგენილებების პროექტები სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა – დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ორივე ინიციატივას საქართველოს პარლამენტში უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე და ლადო მგალობლიშვილი წარადგენენ.

სხდომზე განიხილეს და 13 ხმით დაამტკიცეს უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. შესაბამისი დადგენილების პროექტი კანონმდებლებს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ – ფატი ხალვაშმა წარუდგინა.
პლენარული სხდომის მონაწილეების წინაშე 01.09.2020წ.- 01.09.2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგნენ უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები. ფრიდონ ფუტკარაძის, ცოტნე ანანიძის, მარინე გვიანიძისა და ილია ვერძაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები, კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.
დღის წესრიგით გათვლისწინებული საკითხების განხილვამდე, უმაღლესი საბჭოს წევრებმა გააკეთეს განცხადებები. მათ ღრმა მწუხარება გამოხატეს ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეული წევრის – ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადეს განსვენებულის ოჯახს.
კანონმდებლებმა განცხადებებისთვის განკუთვნილ დროში მადლობა გადაუხადეს ამომრჩეველს თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერისათვის და ახლად არჩეულ საკრებულოებს, მუნიციპალიტეტების მერებს წარმატებები უსურვეს.
სხდომას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც სხდომის დასრულების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ -დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა, ძირითადი პრინციპები და სპეციფიკა გააცნო.

კომენტარები
იტვირთება...