აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია “დემოკრატიული აჭარა” შეიქმნა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მიერ თანამდებობიდან გადაყენებული ალექსანდრე ჩიტიშვილი, რომელიც საბჭოს საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებს. 

ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ აკაკი ძნელაძე ხელმძღვანელობდა. ძნელაძე სავარაუდოდ საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიას უხელმძღვანელებს ან ვიცესპიკერის პოსტს დაიკავებს. 

დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიციის წევრებსა და ოპოზიციას შორის ვიცე-სპიკერისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, „თავისუფალი დემოკრატები“ და დამოუკიდებელი დეპუტატები მივიდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, კოალიციის ყოფილი წევრის მედეა ვასაძის განცხადებით, პოლიტიკური კონსულტაცია უკვე მესამედ ვერ შედგა, რადგან „ქართული ოცნების“ წევრებს შიდა კონსულტაციები ჰქონდათ. 

დეპუტატი ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოში ბევრი საკითხია გადასაჭრელი, მათ შორის საკადრო, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღების სადავეებს ხელში ე. წ. უმცირესობა აიღებს. აკაკი ძნელაძე კი ამბობს, რომ არანაირი კონსულტაცია არ იყო, მსგავსი ტიპის შეხვედრები კი ხშირად იმართება. უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთი სიახლეა. კოალიციის რიგებიდან გარიცხულმა ჯემალ ფუტკარაძემ „თავისუფალ დემოკრატების“ ორ დეპუტატთან ერთად ახალი ფრაქცია შექმნა. ფრაქციას „დემოკრატიული აჭარა“ ერქმევა, რომელშიც „თავისუფლი დემოკრატების“ ორი წევრი სულხან ღლონტი და თემურ კახიძე, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე გაერთიანდნენ. სულხან ღლონტის განამარტებით, ფრაქციის შექმნას ტექნიკური ხასიათი გააჩნია. ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ გზით ისინი ოპოზიციურ ფრთას გააძლიერებენ და კომისიებში ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობაც გაიზრდება. 

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციური ფრაქციის გაძიერების პარალელურად, „ქართული ოცნებაც“ ორ ფრაქციად გაიყოფა. მაჟორიტარი დეპუტატები აკაკი ძნელაძე, ანზორ თხილაიშვილი და მერაბ აბაშიძე ახალ ფარქციას ქმნიან. ამ ნაბიჯით „ქართულ ოცნება“ კომისიებში უმრავლესობას შეინარჩუნებს. აღნიშნული ფრაქციების შექმნა დამატებით ხარჯებსაც გამოიწვევს. თითოეულ ფრაქციას აქვს თავისი სამდივნო, რომელშიც რამდენიმე ადამიანი მუშაობს, ასევე ფრაქციის თავმჯდომარეებს ემსახურებათ ავტომანქანები, ეძლევათ საწვავის ხარჯი და ა.შ. რა ოდენობით გაეზრდება უმაღლეს საბჭოს ხარჯი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად