აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: ყველა ტრენინგი ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება. ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ.

გიდებისთვის, საოჯახო-სასტუმრო სახლების, ტურისტული კომპანიების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის უკვე დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს. გარდა ამისა, გვერდზე განთავსდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების განრიგი, რომლებზეც დარეგისტრირება ონლაინ იქნება შესაძლებელი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების პროგრამა უკვე ახალი ვებ-პლატფორმაზე სექტემბრიდან ჩაეშვება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ბოლო წლებში რეგიონში 3000-ზე მეტი ტურისტული სერვისის მიმწოდებლისთვის ჩაატარა ტრენინგები. გასულ წელს, ამ მიმართულებით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა, მათ შორის მთიანაჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საგანმანათლებლო პროგრამებს ტურისტულ სექტორში დასაქმებული პირებისთვის მიმდინარე წელსაც გეგმავს. წინა წლების მსგავსად, ყველა სატრენინგო პროგრამა წელსაც უფასო იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად