აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი პროტესტის ნიშნად გაიფიცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების 13 ოპერატორი სამუშაო პირობებს აპროტესტებს. ისინი მაუწყებლის ეზოში არიან შეკრებილი და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე უარს ამბობენ. შეკრებილების განმარტებით წლები გადაღებებთან ერთად, მემონტაჟის ფუნქციასაც ითავსებენ, თუმცა ანაზღაურებას, მხოლოდ ერთი საქმიანობისგან იღებენ.

ოპერატორები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და დღეს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის შედეგებს ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ გახდება მათი მოთხოვნები მკაფიო, როგორც მაუწყებლის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ამბობს:

“მოლაპარაკების პროცესში ვიყავით, ამ პროცესმა ვერცერთი მხარისათვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, დღეს კი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავედით – გავიფიცეთ. ახლა ჩვენ არანაირ მოთხოვნას არ ვახმოვანებთ, რადგან დღეს ბორდის სხდომა დაემთხვა, იქ გადაწყდება გარკვეული საკითხები. როგორც კი დაიდება შედეგი, გადაწყდება საკითხი, გავაკეთებთ ჩვენ განცხადებებს”, – ამბობს ომარ ბერიძე.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის მაია მერკვილაძის თქმით ტელეოპერატორების გაფიცვის მიუხედავად, სამსახური მუშაობას განაგრძობს. გაფიცულების ნაცვლად კი ანალიტიკური გადაცემების და რეგიონული ბიუროების ტელეოპერატორები მუშაობენ.

დღეს მრჩეველთა საბჭო, მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...