A1 ბანერი

აჭარის ტელევიზიის 103 თანამშრომელი: სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის ნათია კაპანაძის მონაპოვარი

აჭარის ტელევიზიის 103 თანამშრომელი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიმართავს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ

 

“გვსურს გამოვეხმაუროთ მაუწყებელში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. ვემიჯნებით მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე. ასევე, ვემიჯნებით საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას. ვაცხადებთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის ნათია კაპანაძის მონაპოვარი და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის მომენტიდან და გვჯერა, ასევე გაგრძელდება მომავალშიც. სამწუხაროდ, დღეს მაუწყებელში არსებობს შიშის ფაქტორი, ბევრი თანამშრომელი დათრგუნული და იმედგაცრუებულია არსებული მდგომარეობით. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში, მით უფრო საზოგადოებრივ მედიაში შიშის არსებობა დაუშვებელია. დირექტორი ტელევიზიის და რადიოს მართვისას ღებულობს ერთპიროვნულ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ძალიან უარყოფიდად აისახა ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობასა და იმიჯზე. არაპროფესიონალური მართვის შედეგი მძიმე ტვირთად აწვება მაუწყებელს. ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს აქვთ უამრავი პრეტენზია დირექტორთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამართლიანი ანაზღაურების საკითხიც. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად, საზოგადოების და მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით დასრულდება, ტელევიზია და რადიო გააგრძელებს თავისუფალ გარემოში განვითარებას და იქნება საზოგადოების სამსახურში. მაუწყებლის თანამშრომლები: ვითხოვთ წერილის გასაჯაროებას,” – ნათქვამია  მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. თუმცა,  103 თანამშრომლის ხელმოწერა არ ახლავს გავრცელებული წერილის ფოტოს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...