აჭარის ტელევიზიასთან მოშიმშილე მაუწყებლის მრჩეველს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს

აჭარის ტელევიზიის შენობასთან მოშიმშილე, ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრს, თამარ წილოსანს ღია წერილით მიმართავს.

მილორავა, მრჩეველს მოუწოდებს, მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მიიღოს გადაწყვეტილება, დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით. მოშიმშილე ღია წერილში წილოსანისგან ცდილობს გაარკვიოს, ხომ არ აპირებს ის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, მას შემდეგ, რაც შიმშილობა შეწყდება. მილორავა წერს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, არა პიროვნული წარმატების, არამედ მოსალოდნელი შედეგის გამო.

“თქვენი ნაბიჯებიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი შიმშილობის პარალელურად არ გსურთ იმპიჩმენტის საკითხის დაყენება. ფეისბუქ პოსტზე 5 ივნისს მკაფიოდ დაწერეთ, რომ ორშაბათს შეიტანდით განცხადებას, მაგრამ გუშინ შუადღეზე ალტერნატიულ პროფკავშირებს მოუწოდეთ ხელწერები შეეგროვებინათ და თქვენთვის მოემართათ თხოვნით, რასაც ისინი გაემიჯნენ. 17:48 საათი იყო მაუწყებელში, რომ მოხვედით და გააკეთეთ სულ სხვა განცხადება, რაზეც ბორდის თავმჯდომარემ გითხრათ, რომ ეს კანონის დარღვევაა და შეუძლებელია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება (სხვა იურისტებთანაც გადავამოწმე). დღეს ჩატარდება ამ საკითხების არაფორმალური განხილვა, იმისათვის, რომ მიიღოთ ყველაფერზე მკაფიო პასუხი. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მე შევწყვიტო შიმშილობა და მას შემდეგ შეიტანთ განაცხადს იმპიჩმენტზე, დააფიქსირეთ ეს პოზიცია საჯაროდ და მე ავდგები, მხოლოდ იმიტომ რომ შედეგია ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა პიროვნული წარმატებები, მაგრამ აქვე დავაფიქსირებ პოზიციას, რომ თქვენ გაქვთ უკვე ყველანაირი საფუძველი დღესვე მოაწეროთ ხელი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნას.

იმედი მაქვს თქვენი ჰუმანურობა და პროფესიონალიზმი სხვა ღირებულებებზე მაღლა დგას”, – წერს ალექსანდრე მილორავა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ცნობისთვის, უკვე მეთორმეტე დღეა, ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმი“-ს წევრი ალექსანდრე მილორავა, აჭარის ტელევიზიასთან, მაუწყებლის დირექტორის გადადგომისა და სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენის მოთხოვნით შიმშილობს.

მაუწყებლის ერთ-ერთმა მრჩეველმა („ევროპული საქართველოს“ წევრი დეპუტატის წარდგენილი), გასულ კვირას არაერთგზის დააფიქსირა, რომ ის მზად იყო, 8 ივნისს, ორშაბათს დაეყენებინა მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, თუმცა ეს ასე არ მოხდა. კოხრეიძის იმპიჩმენტი, უკვე დააყენა მაუწყებლის მრჩეველმა გია ქარცივაძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეული).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად