აჭარის ტელევიზია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

აჭარის ტელევიზიის გუნდი საერთო, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. თანამშრომლების განმარტებით მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორის შესარჩევ სამივე კონკურსში იგრძნობოდა პოლიტიკური ძალების ინტერესი. მეოთხე კონკურსი შესაძლოა დასრულებულიყო შედეგით, რადგან მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილმა არ გამორიცხა დირექტორის არჩევის შესაძლებლობა. მისი შეჩერებით პროცესის დასრულებამდე მიყვანას ხელი შეუშალეს, ინსტრუმენტად კი სასამართლო ხელისუფლება გამოიყენეს. მაუწყებლის გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს დახმარებასა და პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას სთხოვს:

“მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს
თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ ბოლო 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ პროცესებს. 2019 წლის 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს, რისკის ქვეშ დადგა მაუწყებლის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, უნდობლობის გამოცხადებიდან დღემდე, გუნდმა, რომელიც მონაწილეობს სარედაქციო პოლიტიკის შექმნაში, მოახერხა ძალების მობილიზება და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკის შენარჩუნება.
გულახდილად გეტყვით, ეს იყო ურთულესი 6 თვე და გამოწვევებით სავსე პერიოდი ჟურნალისტთა კორპუსისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა ხელისუფლების და მმართველი გუნდის წარმომადგენლების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ღია თავდასხმის და დისკრედიტაციის მცდელობის მოგერიება. დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხელმეორედ დაგვჭირდა საზოგადოების ნდობის მოპოვება. ახლა ვიმყოფებით განსხვავებულ ვითარებაში. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს.

დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი, განაცხადების მიღების დასრულებამდე 2019 წლის 24 სექტემბერს, 4 საათით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. მოსამართლე კობა გოცირიძე, სარჩელის უზრუნველსაყოფად შემოიფარგლა მხოლოდ დაინტერესებული პირის, მოსარჩელის განცხადებით და არ გაითვალისწინა რისკები, რაც შეიძლება მაუწყებელს კონკურსის შეჩერებამ მოუტანოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასარჩელო მოთხოვნა ნათია კაპანაძესაც ჰქონდა, რომელმაც სასამართლოს უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას უკვე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ასეთი პრაქტიკა, ჩვენი აზრით, შერჩევით სამართალზე მიანიშნებს.

მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორის შესარჩევ სამივე კონკურსში იგრძნობოდა პოლიტიკური ძალების ინტერესი. მეოთხე კონკურსი შესაძლოა დასრულებულიყო შედეგით, რადგან მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილმა არ გამორიცხა დირექტორის არჩევის შესაძლებლობა. მისი შეჩერებით პროცესის დასრულებამდე მიყვანას ხელი შეუშალეს, ინსტრუმენტად, ჩვენი აზრით, სასამართლო ხელისუფლება გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საბჭოს უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი მრჩეველთა საბჭო კი, რომელშიც უმრავლესობა „ქართული ოცნების“კვოტით შევა, ჩვენი აზრით, ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა შანსი და იმის პრეცედენტი, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს. ჩვენთვის ეს არის დასაცავი ღირებულება.

სულ მცირე შანსია სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ამ რეგიონში არ შეფერხდეს დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში” – განაცხადა გუნდის სახელით მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა ბაკურიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლისა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი, ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე 24 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. აღნიშნული სარჩელის გადაწყვეტილებას მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად