აჭარის ტელევიზია: ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არხის დისკრედიტაციის მცდელობად ვაფასებთ

დღეს, 17 ივლისს, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “ჰილტონში” გამართულ ბრიფინგზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის პროფესიულ აქტიურობას “უზრდელობა” უწოდა, ხოლო აჭარის ტელევიზია და რადიო “რუსთავი-2-სა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფილიალად მოიხსენია.

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მუშაობს მაღალპროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით. ამას ჩვენი აუდიტორიაც დადებითად აფასებს და სხვადასხვა შემფასებელი ორგანიზაციაც. ეს ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, რაც კარგად აქვს გააზრებული მაუწყებლის ყველა თანამშრომელს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გაუფასურებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეასუსტებს ისედაც არამდგრად დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში.

”სად გაიზარდე შვილო, ეცით პატივი კოლეგას მაინც, კითხვაზე მაპასუხებინეთ … ”დაწყნარდით ცოტა”, ”ნუ უზრდელობ” — ასეთი რეპლიკებით მიმართა პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა” – წერია განცხადებაში.

წყარო: აჭარის ტელევიზია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...