აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის 2-ჯერ ჩავარდნილი კონკურსის მიუხედავად, მრჩეველთა საბჭომ ხელფასები გაიზარდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება 11 ივლისს შევიდა ძალაში.

მაუწყებლის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის — 3 100, ხოლო წევრების — 3 025 ლარით. სახელფასო მატება მრჩეველთა საბჭოს სამართლებლივი უზრუნველყოფისა და საქმის წარმოების მენეჯერებსაც შეეხოთ.

11 ივლისამდე მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე 2 900 ლარს იღებდა ჰონორარის სახით, მოადგილე – 2 700 ლარს, ხოლო წევრი – 2 625 ლარს.

ანაზღაურების ზრდას კენჭისყრის დროს მხარი არ დაუჭირა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა და ერთ-ერმა წევრმა ციორგი ირემაძემ. იგი ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს და განმარტავს, რომ მაუწყებლის დირექტორის არჩევამდე ხელფასის მატება მიზანშეწონილად არ მიაჩნია:

“მსურს გამოვეხმაურო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურების გაზრდის საკითხს და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მეტი სიცხადე შევიტანო.

აღნიშნული საკითხი საბჭოს წევრმა გიგა ჩხარტიშვილმა დააყენა, რომელსაც მხარი დაუჭირა ირაკლი დარცმელიძემ და ბეჟან გობაძემ.

ორშაბათს მე და საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გიორგი ირემაძე, ვგეგმავთ ხელფასების გაზრდის საკითხის გადახედვას და საბჭოს დანარჩენ წევრებს მოვუწოდებთ მათ მიერ მხარდაჭერილი გადაწყვეტილება შეცვალონ.

მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველთა ჰონორარების განაწილების საკითხის დაყენება და გადაწყვეტილება სრულიად კანონიერია, ამ საკითხს მე მხარი არ დავუჭირე. რაც დაფიქსირებულია სხდომის ოქმში.
მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის განვლილი თვეების განმავლობაში უარი თქვა კანონით განსაზღვრული ჰონორარების ზრდაზე. რადგანაც მაუწყებლში მწვავედ იდგა თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ანაზღაურების პრობლემა და ამ ფონზე, საბჭოს წევრების ჰონორარის თუნდაც კანონიერ ზრდაზე მსჯელობა, უადგილოდ მივიჩნიეთ.

ბოლო დროს ნაწილობრივ მოგვარებული პრობლემების შემდეგ, საბჭომ შესაძლებლად მიიჩნია განეხილა ჰონორარების განაწილების ის ფორმები, რომლის შესაძლებლობლობებსაც აწესებს კანონი. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მრჩეველთა საბჭომ ამ ეტაპზეც ვერ შეძლო მაუწყებლის დირექტორის არჩევა, მე კვლავ უდროოდ მივიჩნიე ამ საკითხისათვის დამეჭირა მხარი.

ჩემთვის ცნობილი იყო ასევე, საბჭოს კიდევ ერთი წევრის, გიორგი ირემაძის პოზიცია, რომელიც სრულიად იზიარებდა ამ მიდგომას. და რადგანაც ის არ ესწრებოდა ბოლო სხდომას, შესაბამისად არც მას დაუჭერია მხარი ამ გადაწყვეტილებისათვის.
თუმცა, კოლეგიალური ორგანო გადაწყვეტილებებს ღებულობს უმრავლესობით. შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია დაემორჩილოს და ხელი მოაწეროს მიღებულ აქტს”,- წერს სოციალურ ქსელში ნატა იმედაიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად