აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გომარდულის განვითარების პროექტს აქვეყნებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გომარდულის განვითარების პროექტს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს წამყვანმა საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტმა“ მოამზადა.

„ეს არის პროექტი და განვითარების გეგმა, რომელიც ორიენტირებულია 4 სეზონზე. ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად, კომპანიამ აჭარაში სპორტის განვითარებისთვის სამი საუკეთესო ლოკაცია შეარჩია: გომარდული, ქობულეთი, ბათუმი. პროექტის ფარგლებში გომარდულის განაშენიანების გეგმა და არქიტექტურული დიზაინი შეიქმნა. აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი, შერჩეულ ტერიტორიებზე, პროფესიული და ელიტური საწვრთნელი ცენტრების, რეკრეაციული სპორტული კურორტების მოწყობას ითვალისწინებს, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი“,-აცხადებენ, აჭარის ეკონომიკის სამინისტროში.

კვლევა აჭარაში სხვადასხვა მიმართულების სპორტის განვითარებას მოიცავს: მაღალი დონის საზაფხულო სპორტის სახეობები, მაღალი დონის ზამთრის სპორტის სახეობები, ყველაზე პოპულარული სპორტი მასობრივი მონაწილეობით.

საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტს“, რომელმაც სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია მოამზადა, საქმიანობის 54 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოში 2000-ზე მეტი პროექტის ავტორია, მათ შორის: მიუნჰენის პარკისა და სტადიონის სტრატეგიული განვითარების კონცეფცია, მიუნჰენის ბაიერნის ახალგაზრდული აკადემიის სპორტული კომპლექსი, ჰამბურგისა და აბუდაბის სპორტის განვითარების სამოქმედო გეგმა, ახალი საფეხბურთო მოედანი – ალიანს არენა მიუნჰენში, ოლიმპიური ქალაქის ურბანული დაგეგმარება ყაზახეთში და სხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად