აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის კვლევა მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხელვაჩაურსა და ქედაში ტურისტული ღირსშესანიშნაოებების, ჩანჩქერების, მთებისა და ტურისტული ობიექტების კვლევას ანხორციელებს, რომელზე დაყრდნობითაც ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტები მომზადდება.

პროექტი გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნას, ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიულ შესწავლასაც ითვალისწინებს.

ხელვაჩაურში, სოფელ კაპნისთავის ტურისტული პოტენციალის კვლევის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო. მან ადგილობრივებთან და მოლაშქრეთა ფედერაციის წევრებთან ერთად სოფლის ტურისტული პოტენციალი დაათვალიერა, მათ შორის სოფელში არსებული ჩანჩქერები, ადგილობრივების მიერ შექმნილი ღია მუზეუმი და საოჯახო მარნები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ახალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება აჭარაში, რათა საშუალება გვქონდეს შევქმნათ, როგორც 2-3 დღიანი, ისე 2-3 საათიანი ტურისტული მარშრუტები. ეს მოგვცემს საშუალებას ყველა კატეგორიის ტურისტს შევთავაზოთ მათთვის სასურველი ხანგძლივობისა და სირთულის ტურისტული მარშრუტი მთიანაჭარაში მოგზაურობის დაგეგმვისას. ამ ეტაპზე, რეგიონში 15-მდე მარშრუტია მარკირებული ღვინის ტურიზმის, კულტურული ტურიზმის, ეკოტურიზმის, სამთო ტურიზმისა თუ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის, რაც მთიანი აჭარის ულამაზესი ბუნებისა და ტრადიციების გაცნობის კარგ საშუალებას იძლევა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად