“აჭარის მთავრობის მიზანია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან”

ბათუმი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს "Batumi 2015" მასპინძლობს. ამ წუთებში ფორუმი სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების უკეთ წარმოსაჩენად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის "Cushman & Wakefield | Veritas Brown"-ის ორგანიზებით მიმდინარეობს. საინვესტიციო ფორუმი ოფიციალურად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ გახსნა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმი ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. ჩვენთვის დიდი პატივია რომ ბათუმში სპეციალურად დღევანდელი დღისთვის 15-მდე ქვეყნის 200 -ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ზოგადად საქართველოსადმი და აჭარის რეგიონისადმი დიდ ინტერესს და დიდი მადლობა ყველას ამ ნდობისთვის.

აჭარა საკმაოდ გამორჩეული რეგიონია თავისი საინვესტიციო შესაძლებლობებით. აჭარის მთავრობის მიზანია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან, გავაცნოთ მათ ჩვენი რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი, ხელი შევუწყოთ ინვესტიციების მოზიდვასა და მათ განხორციელებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში ეკონომიკური განვითარების ტენდენცია დინამიურია. 2012 წელს აჭარაში 152 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2015 წლის მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემებით კი ეს ციფრი 165 მლნ აშშ დოლარამდე არის გაზრდილი. ინვესტიციების ეს მზარდი ტენდენცია გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წლის ბოლოსთვის რეგიონში ინვესტიციის მოცულობა 2012 წელთან შედარებით 100 %-ით გაიზრდება.საინვესტიციო ფორუმი „ბათუმი 2015" საშუალებას მოგვცემს უკეთ გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები და დავსახოთ სამომავლო თანამშრომლობის გზები" – განაცხადა დავით ბალაძემ.

ფორუმს 15 ქვეყნის 200 წარმომადგენელი და რეგიონში არსებული წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი ესწრება. კომპანიები უმეტესად ენერგეტიკის, ტურიზმის,უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებიდან არიან წარმოდგენილნი.

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

ფორუმის მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია, სპეციალური პრეზენტაციის სახით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

ფორუმის ფარგლებში დისკუსია თემაზე "ბიზნესის კეთება საქართველოში – წვდომა ფინანსებზე" გაიმართება, რომლის მონაწილეებიც EBRD-ს რეგიონალური ოფისის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები იქნებიან.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოში ინვესტირების წარმატებული მაგალითების გაცნობა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან ორმხრივი სესიებია დაგეგმილი.

რეგიონში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებს ფორუმი საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და გამართონ შეხვედრები პოტენციურ ქართველ პარტნიორებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად