აჭარის მთავრობა: ბათუმის ბულვართან დაკავშირებით საზოგადოების აზრს გავითვალისწინებთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმის მერთან ერთად „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და ბათუმელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების წევრებთან უშუალო კომუნიკაცია და იმ პრობლემების განხილვა, რომელიც ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს თუ სამომავლო კონცეფციის შემუშავებას ეხება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სთავაზობს საინიციატივო ჯგუფს ერთი კვირის ვადაში განსაზღვროს და წარმოადგინოს თავიანთი წევრები ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავების სპეციალურ კომისიაში. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განმარტავენ,  ბათუმელების ნდობით აღჭურვილი წევრების კომისიაში მუშაობა უკვე ნიშნავს კონცეფციის შეცვლის შესაძლებლობასა და სასურველი მიმართულებით წაყვანას, რადგან ისინი ამ კომისიაში უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილნი.

“შიშისა და ეჭვების აღმოსაფხვრელად, ახალი შემადგენლობის კომისიას შეეძლება პირველივე შეკრებაზე განიხილოს კონცეფციის წარმოდგენილი ვერსია და ცვლილებები შეიტანოს სპეციალური აქტის მიღებით. უფრო მეტიც, კომისიის ახალ შემადგენლობას მიღებული კონცეფციის შესრულების მონიტორინგის წარმოების უფლებაც მიენიჭება, რაც საზოგადოების სრულ ჩართულობასა და გამჭირვალობას უზრუნველყოფს.

მთავრობის გადაწვეტილებით დღეიდან ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის ავტორი ხდება საზოგადოება, ბათუმელები, რომლებიც უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილნი ბულვარის განვითარების კონცეფციის სამუშაო ჯგუფში, რაც არის უნიკალური შემთხვევა ჩვენი ქალაქისათვის. ბათუმელებისგან დაკომლექტებული კომისიის პირველივე შეკრებისთანავე შესაძლებელი ხდება კონცეფციაში ცვლილების შეტანა და სამი ხეივანის დატოვება. კონცეფციის საბოლოო ვერსიის მიღებამდე შესაბამისი აქტების საფუძველზე შეჩერდება ყოველგვარი ნებართვების გაცემა. მიმდინარე სამუშაოები კი დასრულდება იმ ფორმით, რომ საფრთხე არ შეექმნას 2016 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მთავრობა რეალურად ითვალისწინებს ხალხის აზრს და საბოლოოდ უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას”,-აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად