აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი სამსახურიდან დათხოვნილ სამ თანამშრომელს თანამდებობებზე აღადგენს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, ამასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

“ამა წლის 30 ივლისს დასრულდა დისციპლინური მოკვლევა და მაუწყებლის შენობაში, სამუშაო საათებში მომხდარი კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო, 31 ივლისიდან, დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდა სამი თანამშრომელი. აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა გარდაუვალი აუცილებლობიდან და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას.
მიუხედავად დამდგარი შედეგისა, იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა. კერძოდ, მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს.
ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას, იმას რომ ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. ასევე, გვინდა განვაცხადოთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი შემდგომშიც პრინციპული და მკაცრი იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი წესების ნებისმიერი დარღვევისადმი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის დინამიური განვითარების შეფერხება ან მისი იმიჯისა და პრესტიჟის შელახვა და აუცილებლად მოახდენს სათანადო რეაგირებას” – აღნიშნულია განცხადებაში.
აჭარის მაუწყებლის სამი თანამშრომელი- შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე სამსახურიდან მენეჯმენტმა 30 ივლისს გაათავისუფლა.
გათავისუფლების მიზეზი, მენეჯმენტის განცხადებით, სამსახურებრივ სივრცეში მათ შორის ფიზიკური კონფლიქტი გახდა, რაც სამსახურიდან გათავისუფლებულებისა და არხის თანამშრომლების ერთი ნაწილის აზრით, მხოლოდ მიზეზი იყო, რეალურად კი მათი დევნა მენეჯმენტის პოლიტიკის მიმართ გამოთქმული კრიტიკული პოზიცია გახდა.

სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნების მოთხოვნით, აჭარის ტელევზიიასთან საპროტესტო აქციები გაიმართა, მაუწყებლის თანამშრომლებმა კი 280-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს, რომლითაც მენემენტს მიმართეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად