აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადადის

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება, მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება მაუწყებლის თანამშრომლებთან მსჯელობის შედეგად მიიღეს. დღეიდან კი, დოკუმენტაციის მომზადება დაიწყება.

“სხდომაზე ვიმსჯელეთ მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ საგაფიცვო პროცედურები. მოვამზადოთ შესაბამისი დოკუმენტაცია, თანამშრომელთა შრომითი უფლებებისა და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დაცვის საფუძველზე” – ამბობს მალხაზ რეხვიაშილი.

მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ის ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს სამართლიანობის აღსადგენად. მაია მერკვილაძის შტატი, აჭარის მაუწყებლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე, მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის გადაწყვეტილებით, 19 თებერვალს გაუქმდა. სანაცვლოდ მაია მერკვილაძეს დირექციამ საინფორმაციო სამსახურის დატოვება და პოლიტიკური თოქ-შოუს რედაქტორობა შესთავაზა, რომელიც დირექტორის თქმით, წინასაარჩევნო დებატებს გულისხმობს და რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს.

ამ შეთავაზებას, მაია მერკვილაძის პროტესტი მოჰყვა. როგორც ის ამბობს, მას წინა თანამდებობის ტოლფასი პოზიცია არ შესთავაზეს. თვლის, რომ გიორგი კოხრეიძემ, ამ გადაწყვეტილებით, ის ჩამოაშორა საინფორმაციო პოლიტიკას.

“პირველ რიგში ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლებ. მე მაუწყებელში თავს ახალ ამბებში ვხედავ. შემომთავაზეს ისეთი პოზიცია, რომელიც არ არის ტოლფასი იმ თანამდებობისა, რომელიც მეკავა მაუწყებელში. ალტერნატიული პროფკავშირები ვფიქრობთ, რომ საჭიროა დაიწყოს მკვეთრი საპროტესტო ფორმებით ბრძოლა.

საინფორმაციო ხვალ ჩვეულებრივ რეჟიმში გავა ეთერში, რადგან გაფიცვას აქვს თავისი პროცედურები და ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ არ დავაყენოთ ადამიანები და მაუწყებელი რისკის ქვეშ” – განაცხადა მაია მერკვილაძემ.

აჭარის მაუწყებელში ერთი თვის წინ შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირები 80-მდე ჟურნალისტს აერთიანებს. მათი პროტესტი გამოიწვია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძის ხელშეკრულება, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები, როგორც აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები ამბობენ, ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის თანამდებობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად