აჭარის მაუწყებლის ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაციამ, სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, რომლითაც ტელევიზიის შენობის წინ მოშიმშილე პირებსა და აქციის სხვა მონაწილეებს მიმართეს. ადმინისტრაციის სახელით განცხადება, მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსმა ემზარ პაქსაძემ გააკეთა.

“აჭარის მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განცხადება გავაკეთოთ, კერძოდ მხედველობაში გვაქვს ის, რომ ბოლო დღეებში ხშირია კანონმდებლობის დარღვევა და ადგილი აქვს მოშიმშილეებისა და აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და ჩარევას მაუწყებლის ფუნქციებში.

ზეწოლას თანამშრომლებზე და მთლიანად მაუწყებელზე, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ დღეს ის პირები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში წარმოგვიდგნენ, როგორც ნეიტრალური ადამიანები, რომლებსაც უყვართ აჭარა, რომლებსაც თითქოს აინტერესებთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი, ახორციელებენ პოლიტიკურ დაკვეთებს.
აქციაში მონაწილე ორივე პირი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, აქვთ პოლიტიკური განაცხადები, შეწირულობები პარტიისათვის და რაც მთავარია ეს პირები ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას მაუწყებელზე.

გვინდა ჩვენი თანამშრომლების სახელით კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, ამ პროცესებში უკანონოდ ჩართულ პირებს, რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ნუ გამოიყენებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ნუ განახორციელებენ ზეწოლას ჩვენს თანამშრომლებზე”, – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, უკვე მერვე დღეა, ორგანიზაცია ”მე მიყვარს ბათუმის” აქტივისტი ალექსანდრე მილორავა შიმშილობს. აქტივისტი პროტესტის უკიდურესი ფორმით, დირექტორის იმპიჩმენტსა და გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად