აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დიარეული კლინიკით მიმდინარე დაავადების სტატისტიკასა და რეკომენდაციებს ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალურ ქსელებში ბათუმში ნაწლავური ჩხირის გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადებით ეხმიანება. უწყება, მიმდინარე პერიოდის დიარეული კლინიკით მიმდინარე დაავადების სტატისტიკასა და რეკომენდაციებს ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღინიშნება შემთხვევათა დაახლოებით 38%-ით კლება გასული წლების იგივე პერიოდებთან შედარებით.
„რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით. ყოველწლიურად ცენტრი ახორციელებს დაავადებათა გავრცელებაზე ზედახედველობას, ეპიდსიტუაციის ანალიზს, დაავადებათა ჯგუფური შემთხვევების ინდენტიფიცირებას/ეპიდკვლევას, ლაბორატორიული კვლევების ხელშეწყობას, ინფორმაციას ღებულობს სასმელის წყლისა და ზღვის წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ.
მიმდინარე წელს აღინიშნება შემთხვევათა დაახლოებით 38%-ით კლება გასული წლების იგივე პერიოდებთან შედარებით. შემთხვევები ძირითად მსუბუქი მიმდინარეობისაა და სრულდება სრული გამოჯანმრთელებით. დიარეით მიმდინარე დაავადებათა შორის ნაწილი შესაძლებელია გამოწვეული იყოს პათოგენური ნაწლავის ჩხირით, რომელთა მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მცირე ასაკის ბავშვები და მოხუცები. გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში ხვდება პირის ღრუს გზით დაბინძურებული რძის (არაპასტერიზებული), ხილის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტის ან დაბინძურებული სასმელი წყლის მიღებით, შეიძლება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას. შემთხვევათა დაახლოებით 5-10%-ში შეიძლება განვითარდეს გართულებები და ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი (ჰუსი). ყოველწლიურად, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, აღირიცხება ჰუს-ის ერთეული შემთხვევები, რაც შეიძლება აიხსნას თვითმკურნალობით და სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებული მიმართვით, რადგან გართულებები ძირითადად ვლინდება დაავადების სიმპტომების დაწყებიდან 7 დღის შემდეგ. დიარეულ დაავადებათა და მათგან გამოწვეულ გართულებათა თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია შემდეგი გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
• წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
• გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:
• მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;
• მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
• მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მოხარშული პროდუქტი შენახული თავდახურულ პატარა ზომის ჭურჭელში;
• სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მოხარშული პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;
• არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;
• სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
• მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
• სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;
• დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
• დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს;
• ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
• დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას“,-განმარტავენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად