აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებები 13 ხმით დამტკიცდა

წუთიერი დუმილით დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია – კანონმდებლებმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-12 წლის თავზე, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა – ჯაბა ფუტკარაძემ და თანამომხსენებელმა – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინეს. კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრების პარალელურად, მომხსენებელმა, უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს, ისაუბრა პანდემიით გამოწვეულ შედეგებსა და მისი პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, ცალკეულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელთა მიმდინარეობაც ამ პირობებშიც შეუფერხებლად გაგრძელდება.
საბოლოოდ, ბიუჯეტის პროექტი 13 ხმით, 2-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.
სხდომაზე ერთხმად – 14 ხმით, I მოსმენით დამტკიცდა კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“, რომელიც მისმა ინიციატორმა- უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა. კანონის პროექტის საბოლოოდ – სამი მოსმენით მიღების შემდგომ აჭარაში მოღვაწე განსაკუთრებული დამსახურების მქონე მოქალაქეები ტბელ აბუსერისძის სახელობის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით, ღირსების მედლით დაჯილდოვდებიან. პროექტი ითვალისწინებს საპატიო წოდებების შემოღებასაც. დაჯილდოებულთა რაოდენობა კი ლიმიტირებული იქნება.
13 ხმით დამტკიცდა დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი კიდევ ერთი კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილების მიზანი აღნიშნული კანონის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან სრულყოფილი ჰარმონიზაციის უზრუნველყოფაა. როგორც ცნობილია, კონსტიტუციური კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგი არჩევნებიდან უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრი აირჩევა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით.
რიგგარეშე სესიაზე III მოსმენით განიხილეს და მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – ლადო მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ», რომელიც თავად ინიციატორმა წარმოადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად