“აჭარიდან ეკომიგრანტების პრობლემებს ძალიან მოკლე ვადებში გადავწყვეტთ”

"ისინი, ვინც ეკომიგრანტები არიან, მათი პრობლემების გადაწყვეტა ჩვენ გვეხება, გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადებში,-ამის შესახებ "აიპრესთან" ინტერვიუში ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

როგორც მან წალკაში ეკომიგრანტების პრობლემების კომენტირებისას აღნიშნა, წალკაში გადმოსული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ეკომიგრანტები არ არიან.

"ცოტა უნდა გავყოთ ეს თემა. პირველ რიგში სამინისტროს პრეროგატივა ნაკლებად არის, იმიტომ რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ეკომიგრანტი, ისინი, ვინც არიან ეკომიგრანტები, შესაბამისი საბუთით, მათი პრობლემების გადაწყვეტა ადვილია და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ისინი, ვინც ეკომიგრანტები არიან, მათი პრობლემების გადაწყვეტა ჩვენ გვეხება, გადავწყვიტავთ ძალიან მოკლე ვადებში. ზოგი ამ შემთხვევაში არის შესახლებული სახელმწიფოს მიერ და მოხდება ამ ფართების დაკანონება, დაკანონებას წელსვე გავაკეთებთ სავარაუდოდ. მეორე ნაწილი, ვისაც ეკუთვნის, მათთვის შეგვიძლია ბინები ვიყიდოთ, აქ მთავრდება სამინისტროს პრეროგატივა.

მე ამ საკითხში ჩართული ვარ ასევე როგორც მთავრობის წევრი იმ დანარჩენი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში, ეს არის 2 000 ოჯახი, რომლებიც გადმოვიდნენ ძირითადად მთიანი აჭარიდან, ამ შემთხვევაში რეგიონებიდანაც. არიან სამეგრელოდან, სვანეთიდან გადმოსულები, იქ არიან აჭარიდან თავის დროზე გადმოსული სხვა რეგიონში და შემდგომ წალკაში გადმოსული ადამიანები, რომლებიც არ არიან ეკომიგრანტები. მაგალითად ერთ-ერთ სოფელში, ბერთაში არის ქალბატონი, რომელიც არის სამეგრელოდან წამოსული იმის გამო, რომ სახლი ჰქონდა ჩადებული იპოთეკაში, ბანკმა გაუყიდა და ჩასახლდა წალკაში, ცარიელ სახლში. იმიტომ რომ მისი ბერძენი პატრონი წასულია საქართველოდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ სახლს მეპატრონე არ ჰყავს და ბუნებრივია, რომ ის ითხოვს, ან ქირა გადამიხადეთ, ან დაცალეთ სახლი. მადლობის მეტი რა გვეთქმის ბერძნებისთვის, რომლებმაც შეიფარეს ათასობით ჩვენი მოქალაქე, თუ ადამიანი თავის საკუთრების დაბრუნებას ითხოვს, ეს ბუნებრივია. ძალიან დასაფასებელია, რომ ისინი არ ივიწყებენ თავის სამშობლოს, არ ვიცი ეს მათი მეორე სამშობლოა თუ პირველი, ისინი აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ, ეს იყო მათი სამშობლო.

ახლა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ეს ადამიანები მაშინ შეიყვანა შეცდომაში, უთხრა, რომ თუ თქვენ წამოხვალთ, სახელმწიფო შეგისყიდითო სახლებს. ისინი წამოვიდნენ და სახელმწიფომ არ შეუსყიდა, კი, რაც არ უნდა დაპირისპირებული უნდა ვიყოთ სააკაშვილთან, ჩვენ ვართ მისი გამგრძელებლები, სამართალმემკვიდრეები, შესაბამისად ეს დაპირება, რაც მან გასცა, რა არარეალურიც არ უნდა ყოფილიყო, მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ ეს პრობლემა ამ ხალხს გადავუწყვიტოთ. ამაზე მუშაობა დაწყებული მაქვს ჩემს გუნდთან ერთად, სხვა სამინისტროებთან ერთად და გარკვეულ გეგმას წარვადგენთ მთავრობაზე. რის შემდეგაც ვიმუშავებთ, რომ ამან, თუ მოწონებული იქნება, გეგმის სახე შეიძინოს.“,-განაცხადა „აიპრესთან“ ინტერვიუში მინისტრმა. 

ცნობისათვის, წალკაში ეკომიგრანტის სტატუსით 500-მდე ოჯახი ცხოვრობს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად