აჭარაში, ციტრუსის სეზონის წინ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მორიგი ეტაპი იწყება

ციტრუსის სეზონის მოახლოების წინ, აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. "ეს არის ფაროსანას მესამე ფაზა როდესაც ციტრუსის სეზონი იწყება და ახლოვდება პიკი ფაროსანას შემოსევის, აჭარაში 333-დან 255 სოფელში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება" – აცხადებს "აიპრესთან" აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით თერმული ღრუბლითა და ცივი შესხურებით ფაროსანასთან ბრძოლამ მისი გავრცელების რისკი 50%-ით შეამცირა. ეხლა მთავარი გამოწვევა ცირტრუსის სეზონზე მწერისგან ნაყოფის გადარჩენაა. საპროგნოზო მონაცემებით მიმდინარე სეზონზე რეგიონში 55 000 ტონამდე ციტრუსს ელოდებიან, რაც წინა წლების მონაცემებისგან თითქმის არ განსხვავდება. ტიტე აროშიძეს მტკიცებით რეგიონში სრული მობილიზაციაა.


"აჭარაში ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის ნაწილის ძირითადი დამუშავება მოხდა თერმული ღრუბელით, რაც ინტენსიურად ხდება ამ ეტაპზეც, იმიტომ რომ ეს არის ფაროსანას მესამე ფაზა როდესაც ციტრუსის სეზონი იწყება და ახლოვდება პიკი ფაროსანას შემოსევის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რასაც ახორციელებს ცენტრალიზირებულად სამინისტრო და ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს, როგორც ცივი შესხურებით შეწამლვა იმ ლოკაციებისა სადაც ასე ვთქვათ ფაროსანა არის მობილიზებული და ასევე თერმული ღრუბლით დამუშავება რაც ეფექტურია და შეიძლება ითქვას რომ დაახლოებით შევამცირეთ სადღაც 50%-ით ის რისკი რომელიც აქამდე არსებობდა და გრძელდება რათქმაუნდა ეს აქტივობები და საკმაოდ აქტიურ ფაზაში უკვე ჩვენ შევძლებთ იმას, რომ მოსავალი რომელსაც ჩვენ ველოდებით, იგივე ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნეს მობილიზებული." – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მიუხედავად ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული სამუშაოებისა, ფერმერები ამტკიცებენ, რომ ეს არაეფქტურია და ქიმიკატები უხარისხობის გამო მწერების წინააღმდეგ არ მოქმედებს. სოფლის მოსახლეობას ამის დასადასტურებლად ის ნაწარმი მოჰყავთ, რომელიც რეგიონში წელს დაბალი ხარისხის იყო და რეალიზებას არ ექვემდებარებოდა. მათშორის არის თხილის, სიმინდის, ციტრუსისა და ხეხილის მოსავალიც კი.

აჭარის მთავრობის სახლთან მოსახლეობის საპროტესტო აქციების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები ლაბორატორიულად შემოწმებულია და მაქსიმალური ეფექტის მქონე. ტიტე აროშიძე პრობლემის სიმწვავეს აღირებს და ამბობს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა ამის შესაჩერებლად მუშაობს.

"აბსოლიტურად ყველა პრეპარატი გავლილია ლაბორატორიულ შემოწმებაზე და მაქსიმალური ეფექტი, რაც შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ შეწამლვას აღნიშნული შედეგი უკვე დადებულია. ამასთანავე შემოტანილია აჭარაში ახალი ფერომონები, რომელიც დამონტაჟებულია სხვადასხვა ლოკაციაზე. საკმაოდ კარგად და ეფექტურად მუშაობს ეს ფერომონები და შეიძლება ითქვას რომ ბოლო პერიოდში მილიონობით ფაროსანას გადანადგურება მოხდა სწორედ ამის ხარჯზე. აღნიშნული ფერომონები შემოტანილია დახლოებით გასული ერთი თვის ვადაში ამიტომ შედეგი რათქმაუნდა ეტაპობრივად დგება. ჩვენ არ ვამბობთ რომ პრობლემა არ არსებობს, პრობლემა, რომ არსებობს სწორედ ამიტომ არის შექმნიი შტაბი და ამიტომ მიდის ინტენსიური ქმედებები და სამუშაოები ფაროსანას წინააღმდეგ. ეს შედეგი მე ვფიქრობ მომავალ წელს, ეს რისკი უფრო ნაკლები იქნება და ჩვენ შევძლებთ იმას, რომ მთლიან საქართველოში, ისევე როგორც აჭარაში ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევამციროთ ფაროსანას რაოდენობა" – აცადებს აროშიძე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რეგიონში 333 სოფლიდან 124-ში თერმული ნისლით დამუშავებულმა ფართობმა 17 860 ჰექტარი შეადგინა, ხოლო ცივი შესხურებით 131 სოფელში 2250 ჰექტარი. თუმცა რა თანხა დაიხარჯა აღნიშნულ სამუშაოებზე უწყება ინფორმაციას არ ფლობს. მინისტრის განცხადებით აღნიშნულ საკითხს ცენტრალურ პლატფორმაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტორს დაქვემდებარებაში მყოფი ფაროსანასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი განსაზღვრავს.

"აქ არ ხდება ესე ვთქვათ მხოლოდ ლოკალური მაშტაბით ბიუჯეტის განაწილება. მოგეხსენებათ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ შტაბში ჩართულია, როგორც გურია, იმერეთი, სამეგრელო ამიტომ ცენტრალიზებული ბიუჯეტიდან ხდება თანხების მობილიზება და ხარჯვა და გარკვეული ნაწილი რათქმაუნდა იხარჯება აჭარის რეგიონისთვის."

რაც შეეხება ღონისძიებებს, რომლებიც ფაროსანას წინააღმდეგ უკვე გაზაფხულიდან ახალი ბიუჯეტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის; თუმცა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროში ირწმუნებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტისა და ადამიანური რესურსების გაორმაგებისთვისაც მზად არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად