აჭარაში კოვიდ 19-ის ახალი კერა გაჩნდა – ტექსტილის 1000-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.

COVID19 -ის ახალი კერა გაჩნდა. ქობულეთში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია. ამ დროისთვის საწარმოს 1000-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. “აჭარა ტექსტილში” კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა დაცვის თანამშრომელი ადასტურებს, რომ სამუშაო პროცესი შეჩერებულია.
გააგრძელებს თუ არა საწარმო მუშაობას, სადაც მსოფლიოს წამყვანი სპორტული გუნდებისთვის ტანსაცმელი იკერება, PCR ტესტის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.

„პროტოკოლის შესაბამისად გატარდა ღონისძიებები, შესაბამისად შეფასდა და განისაზღვრა მათი კონტაქტები, ჩატრდა სადეზინფექციო სამუშაოები. განსაზღვრული კონტაქტები იმყოფებოდნენ იზოლაციაში, ჩაუტარდათ კვლევა და დამატებით კიდევ არის ახალი შემთხვევები გამოვლენილი. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა სამსახურში არ დადიოდნენ,“ – აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე, ნონა ეფაძე. მისივე განცხადებით, მენეჯმენტის გადასაწყვეტია, როდის და რა შემადგენლობით განაახლებს მუშაობას „აჭარა ტექსტილი“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.

„აჭარა ტექსტილის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეგიონში არსებული ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციიდან გამომდინარე, საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიაში მიმდინარეობს საწარმოს შენობა-ნაგებობების საფუძვლიანი დეზინფექციისა და უფასო PCR ტესტირების აქტიური პროცესი. სამკერვალო ფაბრიკაში, დღეს არსებულ ვითარებაზე კომენტარი არ გაკეთებულა.

„დღემდე, PCR ტესტი გაუკეთდა 620 დასაქმებულს. მიმდინარე ეტაპზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ ბობოყვათში მდებარე საწარმოში ტესტირების მიზნით მიმდინარეობს დასაქმებულების მობილიზაციის პროცესი, სადაც იგეგმება დამატებით 580 დასაქმებულის ტესტირება. კომპანია მკაცრად იცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვას საკუთარი დასაქმებულები უხილავი მტრისგან“, – ნათქვამია „აჭარა ტექსტილის“ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად