აჭარაში განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში 5 გამარჯვებული აპლიკანტი გამოვლინდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის კვალიფიკაციის ამაღლების/სტაჟირების კომპონენტის ფარგლებში 2019 წელს საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული აპლიკანტი, მათ შორის გახლავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი მაია ბოლქვაძე.

მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით მაია ბოლქვაძემ სტაჟირება გაიარა გერმანიაში – ბერლინის სოციალური კვლევების ცენტრში.

„სტაჟირების პერიოდში შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელიც მოიცავდა როგორც მიმდინარე კვლევების თეორიული ნაწილის კონცეპტუალიზაციის პროცესში ასისტირებას, ასევე სხვადასხვა ვორკშოპის ფასილიტაციას.

ცენტრში მომუშავე კოლეგების რეკომენდაციების გათვალისწინებით სამუშაო დროის ნაწილს ვატარებდი ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სადაც შესაძლებლობა მქონდა ჩემი კვლევის მიმართულებით გავცნობოდი იმ ლიტერატურას, რომლიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში, ასევე გადამეღო მასალების ასლები.

ცენტრში სტაჟირება იყო საუკეთესო საშუალება პირადად გავცნობოდი ევროპაში თანამედროვე კვლევების სამუშაო ჩარჩოს შემუშავებისა და კვლევის თეორიულ-პრაქტიკული ნაწილების კონსოლიდაციის მეთოდოლოგიის განსაზღვრის პროცესს.

სტაჟირება მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ჩემთვის, რადგანაც ცენტრის თანამშრომლების სხვადასხვა მიმართულებით სპეციალიზაციის პირობებში პრაქტიკულად ვნახე თუ რა კორელაციები შეიძლება იყოს კვლევის ინტერდისციპლინარული მიმართულებით დაგეგმვისას. ასევე, სტაჟირება ახალი კონტაქტების ჩამოყალიბებისა და გამოცდილებების ურთიერთგაცვლის საუკეთესო საშუალება იყო, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემი სამომავლო კვლევების მიმართულებით“- მაია ბოლქვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად