აჭარაში, covid19-ზე 2 დღეში ჩატარებული 700 ტესტიდან ყველა უარყოფითია, მათ შორის 184 მედპერსონალის

საბოლოო ჯამში, აჭარაში ტესტირება ჩაუტარდა 4 690 მოქალაქეს. ამ დროისთვის სტაციონარში იმყოფება 24 მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და არცერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე არ არის. – ამის შესახებ “აიპრესს” აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ინტერვიუში განუცხადა.

მინისტრის თქმით, მათ შორის არც ის პაციენტი, რომელიც 80 წლისაა და ერთი თვე მართვით სუნთქვაზე იყო. საუბარია პაციენტზე, რომელსაც ამერიკის მოგზაურობის ისტორია აქვს.

“დღეს, მისი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც სტაბილური. მას უკვე რამდენჯერმე ჩაუტარდა პსრ ტესტი და  არის covid უარყოფითი. ის მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან. მას  ძირითადი დიაგნოზის გარდა, რაც მის ფსიქო-ემოციურ სტატუსს უკავშირდება, სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. ის კლინიკაში რჩება მხოლოდ ამ დაავადებების მართვისათვის.

გარდა ამისა, სამი პაციენტი გვყავს ინტენსიურ თერაპიაში, ოღონდ არა მართვით სუნთქვაზე. პნევმონიის მძიმე ფორმის გამო, ისინი არიან ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, რეანიმაციულ განყოფილებში. ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ შორის რამდენიმე პირველადი ტესტის შედეგები აქვთ უარყოფითი, მალე დადგება რამდენიმე პაციენტის გაწერის მომენტიც” – აცხადებს “აიპრესთან ზაალ მიქელაძე..

 ბატონო ზაალ, პირველ რიგში დავიწყოთ აჭარაში ეპიდსიტუაციის შეფასებით. რა პოზიტიური ცვლილებებია დღეის მდგომარეობით და სად გართულდა პროცესის მართვა? რა გამოწვევების წინაშე დგახართ ამ ეტაპზე?

ბოლო დღე ღამის განმავლობაში 372 ადამიანს ჩაუტარდა პსრ-ტესტირება. ჯამში, ორ დღეში, 700-მდე ადამიანი შემოწმდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

ბოლო დღე ღამის განმავლობაში 184 სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და მათი პასუხიც უარყოფითია. სამედიცინო პერსონალში სულ 1 275 ტესტია ჩატარებული.

საბოლოო ჯამში, აჭარაში ტესტირება ჩაუტარდა 4 690 მოქალაქეს. ამ წუთში ჩვენ სტაციონარში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, არცერთი მართვით სუნთქვაზე, მათ შორის არც ის, ვინც ერთი თვე მართვით სუნთქვაზე იყო, რომელსაც ამერიკის მოგზაურობის ისტორია  აქვს.

დღეს, მისი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც სტაბილური. მას უკვე მერამდენედ ჩაუტარდა პსრ ტესტი, ანუ არის კოვიდ უარყოფითი. ის მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან.  ძირითადი დიაგნოზის გარდა, რაც მის ფსიქო-ემოციურ სტატუსს უკავშირდება, სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. ის კლინიკაში რჩება მხოლოდ ამ დაავადებების მართვისთვის.

გარდა ამისა, სამი პაციენტი გვყავს ინტენსიურ თერაპიაში, ოღონდ არა მართვით სუნთქვაზე. პნევმონიის მძიმე ფორმის გამო, ისინი  ინტენსიური დაკვირვების ქვეშ არიან, რეანიმაციულ განყოფილებაში. ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ შორის რამდენიმე პირველადი ტესტის შედეგები აქვთ უარყოფითი, მალე დადგება რამდენი პაციენტის გაწერის პროცესიც.

რაც შეეხება რთულ გამოწვევებს, ერთ-ერთი რთული გამოწვევა ჩვენთვის იყო ქობულეთის კლასტერი, რადგან ჯამში ქობულეთის კლასტერიდან გვყავდა დადასტურებული 36 შემთხვევა.  ნაწილმა მათგანმა უკვე დატოვა კლინიკა, ნაწილი არ იმყოფება ჩვენთან, ქუთაისის ან თბილისის კლინიკებშია, რადგან ეხებოდა ოჯახურ შემთხვევებს და მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები.

ქობულეთის კლასტერში მოძიებული იქნა 572 კონტაქტი, რომელთაგან როგორც პირველადი, ასევე განმეორებითი ტესტირებები  უარყოფითი იყო. მათ ძირითად ნაწილზე მოხსნილია ზედამხედველობა, მათ ნაწილს კი ორკვირიანი პერიოდი ამ დღეებში დაუსრულდებათ. მეორე საინკუბაციო პერიოდი გავა 8-9 მაისს. აქედან გამომდინარე, ვამზადებთ საკითხს ამ სოფლებში საკარანტინე ღონისძიებების მოხსნასთან დაკავშირებით.

თქვენს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, როგორც ვხვდები, თვითონ ტესტების პრობლემა, რაც პირველ ეტაპზე ჰქონდა ქვეყანას, აღარ არის…

არ ვიცი ქვეყანას რამდენად ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ეს პრობლემა არ გვქონია. ჩვენ აქვე გვქონდა ლაბორატორიის ფილიალი და არცერთ ეტაპზე არ გვიგვრძნია ეს პრობლემა. დასაწყისში, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, ან საეჭვო შემთხვევასთან კონტაქტები, ყველას ვუტარებდით ტესტირებას. ცხელების ცენტრიდან თუ საკარანტინო ზონიდან ყველა ადამიანის ნიმუშებს ვიღებდით. ტესტის გამო შეფერხების შემთხვევა არ გვქონდა.  საქართველოს ჯანდაცვის სისტემისგან მივიღეთ სწრაფი ტესტები, ანტისხეულზე დაფუძნებული, ქობულეთის კლასტერთან ჩვენ დამატებით ეს ტესტებიც ვაკეთეთ. ისევე როგორც ეს ტესტები გამოვიყენეთ სამედიცინო პერსონალში, განაკუთრებით იმ კლინიკებში, რომლებიც მართავენ covid ინფექციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად