“აჭარა ტექსტილი”თანამშრომლის ინფიცირების ფაქტს დეზინფორმაციას უწოდებს

მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ “აჭარა ტექსტილის” ბობოყვათის საწარმოს ერთ-ერთ თანამშრომელი COVID19-ით არის დაინფიცირებული სიმართლეს არ შეესაბამება, ამის შესახებ საწარმო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„კომპანიის თანამშრომლის დაინფიცირების ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება. რაც შეეხება საწარმოების დახურვას; პანდემიის გამოცხადების შემდეგ, 23 მარტს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება სრულად შეეჩერებინა საწარმოო პროცესი ფოთში, ხოლო ბობოყვათსა და ბათუმში მდებარე ფაბრიკებში იკერებოდა მხოლოდ პირბადეები, რომელიც სახელმწიფოს უფასოდ გადაეცა. სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში კომპანიამ უკვე დაამზადა მილიონზე მეტი პირბადე რომელიც გადაეცა სახელმწიფოს, სწორედ ამის შემდეგ, 2 აპრილს, რისკების შემცირების მიზნით დაიხურა ბობოყვათის საწარმო, ხოლო თანამშრომლები დათხოვნილი იქნენ შვებულებაში“,-ნათქვამია, „აჭარა ტექსტილის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საწარმოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუშაობას “აჭარა ტექსტილის” ბათუმის საამქრო აგრძელებს, სადაც ასევე მხოლოდ პირბადეები იკერება, ხოლო კომერციული წარმოება შეჩერებულია.
„ჯერ კიდევ მარტში, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან დროებით, შვებულებაში არიან დათხოვნილი რისკ ჯგუფებში შემავალი პირები (ხანდაზმული და ორსული თანამშრომლები). საწარმოში დასაქმებული პირები ინფორმირებული არიან ვირუსული რისკების შესახებ, ისინი გადიან დეზინფექციას სპეციალური სითხეებით, საწარმოში შესვლამდე თანამშრომლები მოწმდებიან დისტანციური სიცხის საზომი და თერმული ხედვის კამერებით. მუდმივად ხდება ტერიტორიის და სერვისის მანქანების სპეციალური საშუალებებით დამუშავება. საწარმოებში განთავსებულ მონიტორებზე კი მუდმივად ტრიალებს უსაფრთხოების წესების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი. კომპანია “აჭარა ტექსტილი” მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ უწყებასთან, სამთავრობო, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ არ მიეწოდოს მოსახლეობას გადაუმოწმებელი ინფორმაცია საწარმოში არსებული მდგომარეობის შესახებ“,-ნათქვამია, „აჭარა ტექსტილის“ სპეციალურ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...