აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს 2-8 სექტემბერს უმასპინძლებს

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მტაცებელი ფრინველების მიგრაციას აჭარის თავზე უცხოელი დამკვირვებლები, მეცნიერები და ეკოტურისტები რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმიდან 15 ოქტომბრამდე დააკვირდებიან. მათ შორისაა სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმა, სადაც წელს ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ცნობილია ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის თარიღიც. მას რეგიონი 2-8 სექტემბერს უმასპიძლებს.

ფესტივალის ფარგლებში რეგიონს უცხოელი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. საღამოობით კი სასტუმრო ოაზისში მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. ის რეგიონში 2012 წლიდან ტარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...