„ასტრაზენეკას“ წარმოებულ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს 142 ქვეყანა მაისის ბოლოსთვის მიიღებს

ვაქცინების დისტრიბუციის საერთაშორისო მექანიზმ „კოვაქსის“ ცნობით, „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებულ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს 142 ქვეყანა მაისის ბოლოსთვის მიიღებს. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

„ასტრაზენეკასა“ და ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მიწოდების გრაფიკის მიხედვით, ვაქცინებს „კოვაქსის“ მონაწილე ქვეყნები ორ რაუნდად მიიღებენ. „კოვაქსის“ მიერ გავრცელებული ცნობით, პირველი რაუნდის ფარგლებში ვაქცინებს ქვეყნები თებერვალ-მარტში მიიღებენ, ხოლო მეორე რაუნდის განმავლობაში ვაქცინების დისტრიბუცია აპრილ-მაისშია დაგეგმილი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, უახლოეს დღეებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს სავარაუდოდ, მიიღებს ანგოლა, კამბოჯა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ნიგერია.

„ეს არის უპრეცედენტო პარტნიორობა, რომელიც არა მხოლოდ „კოვიდ-19“-ის პანდემიას შეუცვლის კურსს, არამედ შეცვლის მიდგომას, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის მომავალ კრიზისებს გაუმკლავდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

აღნიშნული განცხადება მან „კოვაქსის“ და ვაქცინების გლობალურ ალიანს „გავის“ ხელმძღვანელებთან ერთობლივ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამავე პრესკონფერენციაზე „კოვაქსის“ პარტნიორ „გავის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სეთ ბერკლიმ იმედი გამოთქვა, რომ საჭირო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, 2021 წელს „კოვაქსის“ საშუალებით დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში 1,8 მილიარდი დოზა ვაქცინის დისტრიბუცია მოხდება, რაც დაგეგმილზე 500 მილიონი დოზით მეტია.

„გავის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ისაუბრა „კოვაქსის“ ფარგლებში „ფაიზერის“ ვაქცინების დისტრიბუციის დაგვიანების საკითხზე. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა თავად კომპანიის მხრიდან წამოყენებულ ახალ მოთხოვნებს უკავშირდება.

„რაც შეეხება „ფაიზერს“, კომპანიამ მოითხოვა ქვეყნებისგან დამატებითი სამუშაოების ჩატარება მათთან ერთად ვაქცინების მიწოდების საკითხზე და ასევე კომპენსაციებისა და ვალდებულებების საკითხებზე. სწორედ ამან გამოიწვია ამ ვაქცინების მიწოდების დაგვიანება. თუმცა უახლოეს დღეებში, ჩვენ ვიხილავთ, რომ კიდევ რამდენიმე ქვეყანა მიიღებს ამ ვაქცინებს“, – განაცხადა ბერკლიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...