ასმათ ტყაბლაძე: 5 წლის წინ იყვნენ ჩემთან მოსულები, მოსასმენი აპარატურა დაგვაყენებინეო

ბიზნესმენი ასმათ ტყაბლაძე გადაცემა "პრიორიტეტებში" აცხადებს, რომ 5 წლის წინ მასთან მისულები იყვნენ სამართალდამცავი უწყებებიდან და სთხოვდნენ კუთვნილ კაფეში ჩამწერი აპარატურის დაყენებას.

"ეს იყო ხუთი წლის წინ, ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა, მობრძანდით ძალოვნებიდან არიან მოსულებიო. ორნი იყვნენ მოსულები და მითხრეს, უცხოელი ჩამოდის და  იმას გვინდა  მოვუსმინოთო. მე ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში ეგ არ მოხდება, გინდ უცხოელი იყოს, გინდ ჩვენიანი-თქო. როგორ, პატრიოტი არ ბრძანდებითო? მე რომ პატრიოტი ვარ, ეგეთი არ დაგესიზმრებათ და მაგას თუ გააკეთებთ თქვენი ნებით, მე ძალიან ცუდად მოვიქცევი და მთელს ქვეყანას გავაგებინებთქო.

ვთქვათ, მოესმინათ და მერე ეჩვენებინათ, მე ამას ვერ ავიტანდი, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. შემდეგ, მეორედ მოვიდნენ კიდევ. მეორედ არც არაფერი, ღამე თქვენი ბარი უნდა დავლუქოთო. ჩემთან დადიოდა ოპოზიციაც და პოზიციაც. როგორ შეიძლება, ვიცოდე რომ ვიღაცას უსმენდნენ და მე იქ მშვიდად ვიჯდე. რომ ვკითხე, რატომ მოხვედით მეთქი, ვითომ შესამოწმებლადო. მითხრეს სხვაგან გვაქვს გაკეთებული და პრობლემა არ ჰქონიათო. რომ გითხრათ დამემუქრნენო, ვერ ვიტყვი. ალბათ ამათ დარეკეს მერე სადღაც, იკითხეს ჩემზე და ჩემმა ხასიათმა გააჩერა. მე მთავაზობდნენ მეორე შემთხვევაში, რომ უნდა შევამოწმოთ ობიექტი ფინანსურად და ღამე უნდა დავლუქოთო. მაშინ ვუთხარი, რომ ამას ვერ იზამთქო. საბოლოოდ, ასე მშვიდობით დავცილდით ერთმანეთს." – განაცხადა ასმათ ტყაბლაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად