ასლან ბჟანია: ლაბორატორიებში დაასკვნეს, რომ შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომწამლეს

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა, ე.წ. პარლამენტარმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ იგი შარშან აპრილში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მოწამლეს.

”2019 წლის აპრილში მომწამლეს, ამიტომ საავადმყოფოში ვიმყოფებოდი. ამის შესახებ მიუნხენის ლაბორატორიაში, ასევე ვარშავის ლაბორატორიაში დაასკვნეს. ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემი დაცვის ორი თანამშრომელი საავადმყოფოში დააწვინეს. მათი დოზა გაცილებით მცირე იყო”,- განაცხადა ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში.

მისი თქმით, ეს გარეგანი ტოქსიკური ეფექტი იყო.

კითხვაზე, თუ რატომ არ დაადასტურა მოსკოვის კლინიკამ მისი მოწამვლის ფაქტი, ბჟანიამ უპასუხა, რომ მოსკოვის კლინიკაში მას მკურნალობდნენ.

”არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მოწამლული ვიყავი. მაგრამ შეკითხვა სხვა მხრივ არის: რატომ მომწამლეს და ეს  განზრახ გაკეთდა? კლინიკამ არ უნდა უპასუხოს ამ კითხვას, არამედ გამოძიებამ. ექიმები მკურნალობენ. რატომ მოხდა ეს, როგორ და ვინ მონაწილეობდა მასში, ამ შეკითხვებზე პასუხს კლინიკა ვერ გასცემს”,-დასძინა  ბჟანიამ.

მან დაადასტურა, რომ ამ საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.

”ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სიმართლე დაადგინონ, ამას ნამდვილად გავაკეთებ”, – აღნიშნა მან.

ბჟანია მოწამვლის ფაქტს “გარკვეულ გამოცდად” მიიჩნევს და მას საკუთარ “პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

“გარკვეული ძალების მიერ ჩემზე ზეწოლა იყო. უფრო მეტიც, ამგვარი ზეწოლა განხორციელდა ასევე ჩემი ოჯახის წევრებზე. არ დავასახელებ იმ ადამიანების სახელსა და გვარებს, თუ ვის ხელშია ეს საქმე. არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. მზად ვარ, როგორც მოქალაქე, ვაპატიო მათ, თუმცა ადამიანები, რომლებსაც ფულის სანაცვლოდ ადამიანების მოკვლა სურთ, პატიებას არ იმსახურებენ”, – განაცხადა მან.

ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 22 მარტს არის დაგეგმილი.

”22 მარტის არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავ. საქმის ვითარება მოითხოვს, რომ გონიერი და პატიოსანი ადამიანები გაერთიანდნენ იმ გუნდში, რომელსაც ვუხელმძღვანელებ”, – განაცხადა მან.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად