აშშ-ში შეიწყალეს შვიდი შავკანიანი მამაკაცი, რომლებიც სიკვდილით 1951 წელს დასაჯეს

ვირჯინიის გუბერნატორმა რალფ ნორტჰემმა შეიწყალა შვიდი შავკანიანი მამაკაცი, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს 1951 წელს თეთრკანიანი ქალის გაუპატიურების გამო. ამის შესახებ CNN წერს.

“მარტინსვილის შვიდეული”, როგორც მაშინ მათ უწოდეს, გაასამართლეს 32 წლის თეთრკანიანი ქალის, რუბი სტროუდ ფლოიდის შეურაცხყოფისთვის. ეს მოხდა 1949 წლის 8 იანვარს, მარტინსვილში, ვირჯინიის შტატში, სადაც იგი წავიდა გაყიდული ტანსაცმლის ფულის ასაღებად.

ოთხი მათგანი სიკვდილით დასაჯეს ელექტროსკამის მეშვეობით, 1951 წლის 2 თებერვალს, დანარჩენი კი – სამი დღის შემდეგ. ისინი ყველა დამნაშავედ სცნეს თეთრკანიანმა ნაფიცმა მსაჯულებმა.

ნორტჰემმა სამშაბათს განაცხადა, რომ გაუპატიურებისათვის სიკვდილით დასჯა თითქმის ექსკლუზიურად შავკანიან ადამიანებზე გავრცელდა. მისი თქმით, საარქივო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ყველა – 45-ვე ადამიანი, ვინც ამ დანაშაულითაა დაკავებული 1908 წლიდან, როდესაც ვირჯინიამ დაიწყო ელექტროსკამის გამოყენება, 1951 წლამდე, იყო შავკანიანი.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეწყალება არ ეხება დანაშაულის ან უდანაშაულობის საკითხს. თუმცა, ნორტჰემმა თქვა, რომ ეს ქმედება იყო იმის აღიარება, რომ ეს პირები არ ექვემდებარებოდნენ კანონიერ პროცესს და რომ მათ მიიღეს “რასობრივად მიკერძოებული სიკვდილით დასჯა, რომელიც არ გამოიყენებოდა თეთრკანიან ბრალდებულებზე”.

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ეჭვმიტანილი დაკავების დროს დასუსტებული იყო, ან ვერ წაიკითხა აღიარებითი ჩვენება. მისი თქმით, არცერთი ბრალდებულის დაკითხვაზე ადვოკატი არ იმყოფებოდა.

“ეს ადამიანები სიკვდილით დასაჯეს, რადგან ისინი შავკანიანები იყვნენ და ეს არასწორია. მათი სასჯელი არ ემთხვეოდა დანაშაულს. ისინი არ უნდა დაესაჯათ.” – განაცხადა მან.

ბოლო წლებში ეს საქმე ფართოდ იქნა დაგმობილი, როგორც სიკვდილით დასჯის გამოყენებისას რასობრივი უთანასწორობის მაგალითი.

კომენტარები
იტვირთება...