აშშ-ში მეცნიერებმა, ღორის სიკვდილის შემდეგ, მისი ტვინის ნაწილის ფუნქციონირების აღდგენა შეძლეს

აშშ-ში, იალეს უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა სიკვდილის შემდეგ ტვინის აქტივობის აღდგენასთან დაკავშირებით ექსპერიმენტი ჩაატარეს.

მათ საექსპერიმენტო ღორის შემთხვევაში წარმატებას მიაღწიეს. ექსპერიმენტის შედეგები 17 აპრილს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

სტატიისთვის დართულ ანოტაციაში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყველა ძუძუმწოვრის ტვინი ძალიან მგრძნობიარეა სისხლის მიწოდებაში შეფერხებების და სისხლში ჟანგბადის დონის კლების მიმართ.

როგორც გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული, მეცნიერების ჯგუფმა ნენად სესტანის ხელმძღვანელობით, მოახერხა მაღალტექნოლოგიური სისტემის შექმნა, რომელიც იცავს ძუძუმწოვრის თავის ტვინს სწრაფი განადგურებისგან.

ექსპერიმენტი 32 ღორს ჩაუტარდა. ისინი 4 საექსპერიმენტო ჯგუფად დაყვეს. ერთ-ერთი ჯგუფი მიაერთეს მათ მიერ შემუშავებულ სისტემას, რომელსაც BrainEx დაარქვეს. სიკვდილიდან 6 საათის გასვლის შემდეგ, ორგანო აქტივობას კვლავ ავლენდა. ამგვარად, მკვდარი ცხოველის ტვინი კიდევ 10 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

“ამ მიმართულებით კვლევებმა შესაძლოა მიგვიყვანოს სიკვდილის შემდეგ ტვინის შესწავლის ახალ მეთოდამდე. ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია უჯრედების რთული ურთიერთქმედებისა და იმ ნეირონების შესწავლა, რომლებიც ქსოვილის შენარჩუნების სხვა მეთოდების დროს იკარგება. აგრეთვე მისი წყალობით შესაძლებელია იმ კვლევის სტიმულირება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სისხლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ ტვინის ფუნქციონირების აღდგენის მეთოდების შესწავლა”, – ნათქვამია პროექტ BRAIN Initiative-ის ხელმძღვანელის ანდრეა ბეკელ-მიტჩენერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...