აშშ-ში, კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა 6 კვირაში დაიწყონ

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსის ადამიანებზე გამოცდა, აშშ-ში 6 კვირაში დაიწყება. ამის შესახებ ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩმა განაცხადა, წერს CNBC.

მისი თქმით, ვაქცინა უკვე გამოსცადეს ლაბორატორიის თაგვებზე და მან იმუნოგენურობა – იმუნური სისტემის პასუხი გამოიწვია.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ წამალს შეუძლია, წარმატებით შეებრძოლოს ჩინურ ვირუსს. ამ ეტაპზე მიდის მზადება იმისათვის, რომ ვაქცინის გამოცდა დაიწყოს ადამიანებზეც.

ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინამ შესაძლოა რამდენიმე თვეში ვერ მოაგვაროს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა. თუმცა, მას მიაჩნია, რომ პრეპარატი, დაავადების სამომავლო გავრცელებას ხელ მნიშვნელოვნად შეუშლის.

იგი აგრეთვე არ გამორიცხავს იმ ვერსიას, რომ კორონავირუსი სეზონური აღმოჩნდეს და თბილ პერიოდში აღარ გაგრძელდეს.

25 თებერვალს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, კონგრესს, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 2,5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი ვაქცინის შემუშავების დაჩქარებას მოხმარდება.

ამის შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა თავის Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყანაში, კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 005 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 762-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შესაბამისს მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისია ავრცელებს.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 1 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 1 – საფრანგეთში, 3 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 11 – იტალიაში, 12 – სამხრეთ კორეაში, 16 – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 30 109 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად