აშშ-ში დაასკვნეს, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 2016 წლის არჩევნებში ჩაერია

შეერთებული შტატების სენატის სადაზვერვო კომიტეტმა დაასკვნა, რომ ინტერნეტ კვლევითი სააგენტოს (IRA) ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ, ჰილარი კლინტონის რეპუტაცია შელახეს, რათა მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დახმარებოდნენ. მათი მტკიცებით, ეს რუსეთის ხელისუფლების მითითებებით მოხდა. ანგარიში კომიტეტის ვებ-გევრდზე გავრცელდა.

სამშაბათს, 8 ოქტომბერს, კომიტეტმა გამოძიების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას ეხება.

”კომიტეტმა დაასკვნა, რომ ინტერნეტის კვლევის სააგენტოს საქმიანობა სოციალურ ქსელებში იმდროინდელი კანდიდატის დონალდ ტრამპის აშკარა მხარდაჭერის უზრუნველყოფისკენ იყო მიმართული, რათა ჰილარი კლინტონის კამპანია დაზიანებულიყო”, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

ისინი აღნიშნავენ, რომ IRA- ს თანამშრომლებმა ეს კრემლის ბრძანებით გააკეთეს.

ამასთან, კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში ჰაკერების ქმედებები ძირითადად აფრიკელი ამერიკული წარმოშობის ამომრჩევლებისკენ იყო მიმართული.

ამერიკული მედია წერს, რომ ინტერნეტ კვლევის სააგენტო რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან ასოცირებულ “ტროლის ქარხანას” უკავშირდება. არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიებას ასევე აშშ-ს სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებდა.

ევგენი პრიგოჟინი აშშ-ს სანქციების სიაში მოხვდა, რომელიც 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო დაწესდა. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციების ე.წ. შავ სიაში სამი თვითმფრინავი და პრიგოჟინის საკუთრებაში არსებული იახტები შეიყვანა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ის და მისი ინტერნეტ-კვლევის სააგენტო ცდილობდნენ, “ამერიკული დემოკრატიული პროცესის განხორციელებისთვის ძირი გამოეთხარათ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად