ამერიკის შეერთებული შტატები საპარლამეტო არჩევნებზე დამკვირვებლებს გამოაგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მადლობას უხდის მოწვევისთვის. პომპეო წერილში აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს გამოაგზავნის.

„ძვირფასო მინისტრო, მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საქართველოში მიწვევისთვის. მე ვიზიარებ თქვენს ძალისხმევას, უზრუნველყოთ საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. კონკურენტუნარიანი გარემო, საარჩევნო რეფორმების ზუსტი იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღეს, ასევე, არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდში. მე ვაფასებ ყველა ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციას სრული სადამკვირვებლო ჯგუფის განთავსების შესახებ, რომელიც მოიცავს ძირითად ჯგუფს, 28 დამკვირვებელს გრძელვადიანი პერიოდით და 350 დამკვირვებელს მოკლევადიანი პერიოდით.

ჩვენ, ასევე, ვაცნობიერებთ „კოვიდთან“ დაკავშირებულ ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რამაც, შესაძლოა, გაართულოს სრულმასშტაბიანი მისიის ორგანიზება. დეპარტამენტი შეარჩევს მოხალისეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი შეუერთდნენ ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მისიას.

ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის ​მისიის გარდა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საელჩოს გუნდის მხრიდან დაკვირვებას. მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ-19“-ის გამო, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტეს, არ განათავსონ საერთაშორისო დამკვირვებლები მოკლე პერიოდით არჩევნების დღეს, ჩვენ ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ არჩევნებს. მათ შორის, გრძელვადიანი პერიოდით ანალიტიკოსებისა და ვირტუალური დამკვირვებლების სახით, რომლებიც ქართველო კოლეგებთან ერთად იმუშავებენ.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც განამტკიცებენ თქვენს დემოკრატიულ ინსტიტუციებს და გააძლიერებენ დემოკრატიულ პროცესებს“, – წერს მაიკ პომპეო წერილში, რომლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანისადმი გამოგზავნილ წერილში მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეარჩევს და საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში მოხალისეებს გამოგზავნის, რომლებიც შეუერთდებიან ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მისიას. ​პომპეო ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ 31 ოქტომბრის არჩევნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად