აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი იწყება

აშშ-ის სენატში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი იწყება. იმპიჩმენტის საქმის განხილვას შეუდგება 100 სენატორი, რომლებმაც მოსამართლეების რანგში უნდა დაადგინონ, არის თუ არა დონალდ ტრამპი დამნაშავე ამბოხისკენ წაქეზებაში და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს მოჰყვა.

დონალდ ტრამპის დამნაშავედ ცნობას სენატორთა ხმების ორი მესამედი ესაჭიროება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა სულ მცირე 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა მისცეს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მისი ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...