აშშ-ს სასამართლომ ტრანსგენდერებს შეიარაღებულ ძალებში მსახურების ნება დართო

კოლუმბიის სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსგენდერებს ჯარში მსახურების უფლება მისცა. შესაბამისად, სასამართლომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

პენტაგონმა უკვე დაადასტურა, რომ აშშ-ის არმია მზად არის სასამართლოს გადაწყვეტილება განახორციელოს. ამავდროულად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობას დებს.

სარჩელი ლესბოსელთა უფლებების დაცვის ეროვნულმა ცენტრმა და ლგბტ უფლებადამცველების ჯგუფმა შეიტანეს. საქმე აშშ-ის არმიის ექვს სამხედრო მოსამსახურესა და ორ რეკრუტს ეხებოდა.

ამა წლის 31 ოქტომბერს, ვაშინგტონში მოსამართლე კოლინ კოლარ-კოტელიმ ტრამპის განკარგულება დაბლოკა, რომელიც ამერიკის არმიაში ტრანსგენდერთა მსახურების აკრძალვას ეხებოდა. მოგვიანებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინი აღნიშნული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან.

ამა წლის 26 აგვისტოს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის არმიაში ტრანსგენდერებს მსახურებას უკრძალავდა. ბრძანების თანახმად, კანონი ძალაში 2018 წლის 23 მარტს უნდა შევიდეს.

მანამდე, დონალდ ტრამპის მიკრობლოგ Twitter- ზე წერდა, რომ ქვეყნის მთავრობა ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურში არ მიიღებდა.

"ჩვენმა არმიამ უნდა იფიქროს გადამწყვეტ გამარჯვებაზე და არ დაკავდეს უზარმაზარი სამედიცინო ხარჯებითა და ხარვეზებით, რაც ტრანსგენდერ ჯარისკაცებს უკავშირდება", – წერდა მანამდე ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ზე. 

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება "ეროვნული უსაფრთხოების" გათვალისწინებით მიიღო. პრეზიდენტმა ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით გენერლებთან და სამხედრო ექსპერტებთან კონსულტაციებიც გამართა და დოკუმენტს მას შემდეგ მოაწერა ხელი.

კომენტარები
იტვირთება...