აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ მას, მაგრამ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერი აცხადებს, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა აქტორმა ძალადობა საჯაროდ უნდა დაგმოს, 5-6 ივლისს მომხდარი ფაქტები კი გამოძიებული უნდა იქნას და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით გასამართლდნენ.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და მის კოლეგებს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ცნობებს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ტრაგიკულად ერთი სიცოცხლე, ამ შემთხვევაში თქვენი კოლეგის სიცოცხლე. ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იქნენ იდენტიფიცირებულები, დაკავებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებულები.

ჩვენ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. ჩვენ შევახსნებთ მათ პასუხიმსგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმოს ასეთი ძალადობა, რომელსაც არ აქვს ადგილი დემოკრატიაში. ჩვენ ამაყად განვაგრძნობთ მთელ მსოფლიოში ლგბტქ საზოგადოების ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან დაცვას. ვცდილობთ, გავაძლიეროთ ლგბტ მოძრაობები და ადამიანები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ ჯგუფების მიმართ და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, აქვთ სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი აგებინონ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში და ერთ-ერთი ასეთი იარაღია სანქციები, რაზეც წინასწარ არ სუბრობენ.

„რაც შეხება პრემიერ-მინისტრს და მის მომავალს, რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ მას, მაგრამ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. გვინდა, დავინახოთ, რომ ყველა, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სამართლის წინაშე პასუხი აგონ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები
იტვირთება...