აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულები ვართ იმით, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ

აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებულია რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებზე რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ.

ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად