აშშ-ის გარდა, johnson & johnson-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ

გუშინ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) და სასურსათო პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული მეთვალყურეობის უწყებამ (FDA) შტატებს ურჩიეს, შეაჩერონ კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ კორპორაცია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება.

12 აპრილისთვის აშშ-ში პრეპარატი გაკეთებული ჰქონდა 6 მილიონ 800 ათას ადამიანს, ნათქვამია FDA-ის ცნობაში. პრეპარატით აცრილ ექვს პაციენტ ქალს აღენიშნა თრომბის წარმოშობა. 10 აპრილს ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გამოაცხადა, რომ იკვლევს Johnson & Johnson-ით აცრის შემდეგ თრომბის გაჩენის ოთხ შემთხვევას.

ევროკავშირის ქვეყნებში აღნიშნული ვაქცინის მიწოდება ერთი დღის წინ დაიწყო და ის ჯერ პაციენტებში არ გამოყენებულა. თუმცა კომპანია johnson & johnson-მა განაცხადა, რომ ევროპაში ვაქცინის მიწოდებას აჩერებს.

სამხრეთ აფრიკაში, სადაც ასევე შეჩერდა johnson & johnson-ის ვაქცინის გამოყენება, თრომბის არცერთი შემთხვევა გამოვლენილა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღნიშნული პრეპარატის გამოყენება დაიწყო მას შემდეგ, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ვაქცინა სხვებთან შედარებით უფრო მეტად ეფექტიანია კორონავირუსის სამხრეთაფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. თებერვლის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში johnson & johnson-ის ვაქცინით 300 ათასამდე მედიკოსია აცრილი.

CDC-მ განაცხადა, რომ 14 აპრილს მოიწვევს იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) სხდომას და განიხილავს აღნიშნულ შემთხვევებს. თავის მხრივ კვლევას ატარებს FDA-იც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...